„კარგი იქნება, თუ უკმაყოფილო პედაგოგი, ოფიციალურად მიმართავს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს“

სააგენტოზე გამოქვეყნებულ მასალას “სკოლის დირექტორისგან შევიწროვებას ვგრძნობ…მუსიკის საათები მათემატიკის პედაგოგს“

იხ. ლინკი

https://www.gmtv.ge/33081-2/

“პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს” სახელით საბჭოს ხელმძღვანელი დავით ფერაძე  ეხმიანება:

-ასეთი ამბები ხდება სკოლებში. ნეპოტიზმი ხომ  ჩვენ ქვეყანაში ჩვეულებრივი ამბებია, ამიტომ, სულაც არ გამიკვირდება, თუ ამ სკოლაში კონკრეტულმა დირექტორმა საგაკვეთილო საათების არაპროფესიონალებზე განაწილების პრაქტიკა შემოიღო. თუმცა, ცალსახად ასეა თუ არა, ვერ გეტყვით, რადგან მომხდარი მედიით შევიტყვე და შემდეგ აღარც დირექტორის პასუხი ან კომენტარი ყოფილა სადმე. კარგი იქნება, თუ უკმაყოფილო პედაგოგი, ანუ, ის ვინც მუსიკის სპეციალისტია, ოფიციალურად მიმართავს პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრს, რაც რეალურ ვითარებაში გარკვევის საშუალებას მოგვცემს.

რესურს ცენტრი წარმოადგენს მენეჯმენტის შუალედურ რგოლს. ასეთ ვითარებაში ისინი ადვილად ლავირებენ კანონით და პასუხისმგებლობას იცილებენ. ცხადია, კანონით დაუშვებელია, რომ სკოლის სააკადრო პოლიტიკასა და პედაგოგების შერჩევაში ჩაერიოს ან რესურს ცენტრი, ან სამინისტრო, მაგრამ ეს მხოლოდ კანონში წერია და სინამდვილეში, ყველამ კარგად ვიცით, რომ ქართული ნეპოტისტური პოლიტიკიდან გამომდინარე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებიც კი ერევიან ხოლმე სკოლის საქმიანობაში და თუ დასჭირდათ სანათესავოს დასაქმება, კანონის მოთხოვნებს ვინ დაგიდევთ.

როგორც რესურსცენტრის საუბრიდან იკვეთება, ის ძალიან კარგად იცნობს სიტუაციას მუსიკის მასწავლებელთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, მისი მხრიდან ჩარევაც იგრძნობა. ის აფიქსირებს პოზიციას, რომ დირექტორს მეტად თავისუფალი პედაგოგი სჭირდებოდაო და კონკურსი ამიტომ გამოაცხადაო. ეს უკვე რესურსცენტრის პოზიციაა, რომლითაც დირექტორის უკანონო გადაწყვეტილებას უჭერს მხარს. უკანონობა კი ისაა, რომ დირექტორმა კონკურსი გამოაცხადა იმ საათებზე, რომლის პედაგოგი სკოლას ისედაც ჰყავდა. ანუ ვაკანსია, ფაქტობრივად არ ყოფილა და აბა რა უფლებით აცხადებდა კონკურსს. თუ მოქმედი მასწავლებელი გაკვეთილების მერე არ რჩებოდა სკოლაში, ამ მასწავლებლისთვის უნდა მოეთხოვათ, გაკვეთილების მერე სკოლას ნუ ტოვებთო და კონკურსი კი არ უნდა გამოეცხადებინათ.

სააგენტოსგან:

ცნობისთვის, სააგენტომ შესთავაზა სკოლის დირექტორს კომენტარის გაკეთება, რასაც წინა მასალაც ადასტურებს, თუმცა ამ უკანასკნელს არც მეორე და არც შემდეგ დღეებში რაიმე სახის წერილი არ გამოუგზავნია.