თავდასხმა “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფზე

დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ისგადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა. კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, ინტერვიუებს იღებდნენ, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუს დროს მათ უცნობმა პირმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს ფიზიკური.

დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის თანმხლები ქალბატონი მას დაუპირისპირდა და არ აძლევდა ტელეფონით ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაღების საშუალებას.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა. კურიერის ინფორმაციით დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდასხმაში მონაწილე პირიც.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახეზეა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევა, რაც ცემას გულისხმობს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.

“მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა,”-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და შს სამინისტროს მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარის დატოვება