ამჯერად ოფშკვითი – კლასელის მიერ ვერაგულად მოკლული კიდევ ერთი ახალგაზრდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყალტუბოს რაიონში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული ი.ტ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ტ. თბილისში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

სოფელ ოფშკვითში გარდაცვლილი ახალგაზრდას ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი არსებობდა და კლასელმა ის რამდენჯერმე დაიბარა სალაპარაკოდ.

გუშინ საღამოს კი სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც გარდაცვლილი გულის არეში დაჭრეს. დამნაშავე და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ. როგორც ამბობენ, გარდაცვლილი დედისერთაა, დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფება და შვილის გარდაცვალების შესახებ  ამ დრომდე არაფერი იცის.