დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება

თბილისის მერიასთან ერთად, ახალი წლის დღეებში ბიზნესკომპანიების ჩართულობით, ბაღები და სკვერები სადღესასწაულოდ მოირთვება. განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე კი, დღესასწაულს 70 სტარტაპერი მოაწყობს; დედაენის ბაღში საახალწლო ქალაქი განთავსდება, სადაც ორი კვირის განმავლობაში, კონცერტები და საახალწლო მსვლელობები გაიმართება, მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია

კინოთეატრი, სპორტული ღონისძიებები, საციგურაო მოედანი და სხვა გასართობი სივრცეები.

31 დეკემბერს, საახალწლო ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს თბილისის „მეტროპოლიტენი“ მთელი ღამის განმავლობაში მოემსახურება. ასევე, იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

სადღესასწაულო კონცერტები დედაქალაქის სამ რაიონში – გლდანში, სამგორსა და ძველ თბილისში გაიმართება. 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით კი, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა გასართობი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელშიც თბილისის მერიასთან ერთად, ბიზნესკომპანიები მონაწილეობენ.

დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე კი 15 დეკემბერს აინთება.