ოპოზიცია უბრალოდ დაიკარგა ბიუჯეტში…

ზაზა გაბუნია

ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეები“

„ყურადღებით  ვუსმენდი ოპოზიციას  და დღევანდელი განხილვებიდან გამოჩნდა, რომ ოპოზიცია უბრალოდ დაიკარგა ბიუჯეტში. იმიტომ, რომ თქვენ არ საუბრობთ მთავარზე, თქვენ არ საუბრობთ ბიუჯეტზე, თქვენ აკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს, მაგრამ აქ არსად არ ჩანს ბიუჯეტი და თითქოს სტივენ კინგის საშინელებათა ჟანრის ფილმიდან ხატავთ რაღაც საშინელ სურათს, თითქოს არის ქვეყანა, საიდანაც აგმოსავლის გზებს გვთავაზობთ, ფილანტროპიული მოწადინებით და აღტკინებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ვიღებთ იგივეს სრულ სიცარიელეს, სრულ ლუფტს და სრულიად არაკონსტრუქციულ დამოკიდებულებას ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თქვენ რომ თვალი გაუსწოროთ ამ რეალობას, ის სურათი, რომელსაც ხატავთ არის აბსოლუტურად უადგილო რეალობასთან, რომელიც გვაქვს ქვეყანაში.

მე ვფიქრობ ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს ჰქონდა ძალიან ვულგარული შეფასებები ბიუჯეტზე საუბრისას, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ეს შეფასებები ძალიან შორს იყო საბიუჯეტო საკითხებისაგან. და ამ დღის და ამ ტრიბუნის სპეკულირებისთვის გამოყენების მორიგი მცდელობა იყო.

ოპოზიციას როგორც ჩანს არ მოსწონს ის, რომ მოქალაქეს აღარ სჭირდება პარტიული ბილეთი იმისათვის რომ მიიღოს წამალი და მე მინახავს ფურცელის სადაც საჭირო იყო წინა მმართველი პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელმოწერა და საარჩევნო უბნის ადმინისტრაციის ხელმოწერა იმისათვის, რომ ადამიანს ესარგებლა მუნიციპალური სერვისებით.

ან შეიძლება ოპოზიციას არ მოსწონს ის, რომ შენდება აეროპორტები, გზები, ხიდები, ესტაკადები, ხდება წლების განმავლობაში დავიწყებული სოფლების და შესაბამისად იქ მცხოვრები ადამიანების და მათი დასახლებების გაზიფიცირება და მათი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ოპოზიციას არც ის ესიამოვნება, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება და სხვათა შორის ამის დასტურად საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა და უამრავი სხვა ინდიკატორი ამ ჩემი სიტყვების გასამყარებლად, მათ შორის ის საკრედიტო რეიტინგები, რომელზეც იყო ფინანსთა მინისტრის გამოსვლაში საუბარი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მაგრამ რამდენადაც ვულგარულად უნდა გამოიყურებოდეს ოპოზიცია თავის შეფასებებში, თავის ქმედებებში, ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობა მოწოდებულია იხელმძღვანელოს იმ ამოცანებით რაც აქვს სახელმწიფოს.