გაჩეჩილაძემ სწორად გაიშვირა ხელი ჯანდაცვის სამინისტროსკენ, თუმცა მაინც შეცდა…

სააგენტოზე გამოქვეყნებულმა მასალამ – „სკანდალი შპს “სიტროენ ჯორჯიას” გარშემო – მამუკა ტუსკაძე ფაქტებს ასაჯაროებს“

იხ.

https://www.gmtv.ge/35013-2/

საზოგადოების დაინტერესება გამოიწვია, სწორედ ამიტომ, უფრო ვრცელი კომენტარისთვის ჩვენ “უფლებადამცველთა სახლის“ ხელმძღვანელს, მამუკა ტუსკაძეს დავუკავშირდით.

-ბოლო დღეებში ბევრი ბრალდება გაისმა პრემიერ-მინისტრის მიმართ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გია გაჩეჩილაძემ ე.წ. „კარტელურ გარიგებაში“ დაადანაშაულა. „უფლებადამცველთა სახლის“ ხელმძღვანელი მამუკა ტუსკაძე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით ესწრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სხდომებს, განცხადებას ავრცელებს, რომლითაც ცდილობს, სრული სიმართლე გააგებინოს საზოგადოებას.

„შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2017 წლის აპრილში გადაწყვიტა, რომ 1 723 000 ლარის ფარგლებში შეეძინა 10 რეანიმობილი. 7 აპრილს გამოცხადდა ტენდერი, ხოლო 28 აპრილს დასრულდა სატენდერო განაცხადების მიღება. ტენდერში საქართველოს ბაზარზე მოქმედი 4 კომპანია მონაწილეობდა. შეთავაზებების მიხედვით, გაიმარჯვა „სიტროენ ჯორჯიამ“. მეორე ადგილზე გავიდა „ჰიუნდაი ავტო“, შემდეგზე – „იბერია ავტო“ და მეოთხეზე – „სტრადა მოტორსი“.  „სიტროენ ჯორჯიამ“ ტენდერი კანონების სრული დაცვით მოიგო, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიამ კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა, „სიტროენის“ დირექციამ სამინისტროს ეს გადაწყვეტილება ჩვენთან, დავების საბჭოში გაასაჩივრა. ამ სხდომას 2017 წ. 1 ივნისს, მე პირადად ვესწრებოდი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციების კვოტით ვარ დანიშნული საბჭოს წევრად. ჩვენ დავაკმაყოფილეთ „სიტროენის“ საჩივარი და დავავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს, რომ გადაესინჯა ოქმი #3, რადგან „სიტროენ ჯორჯიას“ დოკუმენტაცია სრულყოფილად იყო წარმოდგენილი, ასევე მივმართეთ, რომ სამინისტროს სატენდერო კომისიას წარმოდგენილი დოკუმენტაციის და წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით განეხორციელებინა შერჩევა-შეფასება.

სამოტივაციო ნაწილში ჩვენ ჩამოთვლილი გვქონდა, თუ რაზე უნდა გაემახვილებინა ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის კომისიას. თუმცა, მათ ეს არ გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ განიხილეს ჩვენი დავალება, 16 ივნისს კვლავ ისევ მიიღეს „სიტროენის“ დისკვალიფიკაციის გადაწყვეტილება. კომპანიამ ისევ გაასაჩივრა, 6 ივლისს შესყიდვებისა და დავების სააგენტომ ეს საკითხი განიხილა და ამჯერად, #4 ოქმით, დავავალეთ ჯანდაცვის სამინისტროს საკითხის ხელახლა გადახედვა. ასევე, სამოტივაციო ნაწილისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის გათვალისწინებით ჯანდაცვის სამინისტროს მოვთხოვეთ სწორი გადაწყვეტილების მიღება. სამინისტრომ არ გაითვალისწინა ჩვენი რეკომენდაცია და ისევ ძალაში დატოვა დისკვალიფიკაცია.

უბედურება იმაშია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, რომ კონკრეტული დავალება მისცეს რომელიმე სახელმწიფო ორგანოს. სააგენტო არის მხოლოდ მარეგულირებელი ორგანო და მისი შენიშვნები მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათისაა. სააგენტო უფლებამოსილია, მხოლოდ დაავალოს შესაბამის კომისიებს, რომ გადაწყვეტილება ხელახლა განიხილონ. მე, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ამ სააგენტოს წევრი და უფლებამოსილი პირი და ამ ორივე ოქმზე ხელმომწერი პირი, ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში, „სიტროენს“ გამარჯვება წაართვეს, მაგრამ ეს საკითხი სცდება სააგენტოს კომპეტენციას. ხსენებული პრობლემა შექმნა ჯანდაცვის სამინისტრომ, მისმა სატენდერო კომისიამ. ამიტომ ვიტყვი: გაჩეჩილაძემ სწორად გაიშვირა ხელი ჯანდაცვის სამინისტროსკენ. დიდი ეჭვი და ალბათობაა იმისა, რომ ე.წ. „კარტელურ გარიგებას“ მართლაც ჰქონდა ადგილი. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ გაჩეჩილაძე შეცდა, როცა ხეჩიკაშვილი დაასახელა. „ჰიუნდაი ავტო“ არაა სპორტის მინისტრის კომპანია. მისი კომპანია მესამე ადგილზე გავიდა და ამ ორი კომპანიის კონკურენციაში მონაწილეობა არც მიუღია.

ვფიქრობ, რომ ეს შეულამაზებელი სიმართლე საზოგადებამ ჩემგან. როგორც დამოუკიდებელი, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისგან უნდა გაიგოს: მე ვთვლი, რომ ტენდერი არასამართლიანად ჩატარდა. პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, თუ მართალი არ აღმოვჩნდები, გადავდგებიო. მე ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით: ამ დავაში დამნაშავე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ხოლო მართალი – შესყიდვების და დავების სააგენტო, რომელმაც ორჯერ დაავალა ჯანდაცვის სამინისტროს სატენდერო კომისიას, კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ მათ დაბლოკეს „სიტროენ ჯორჯია“!“ – გვითხრა მამუკა ტუსკაძემ.