„არ შემიძლია აღშფოთება არ გამოვთქვა, რატომ უნდა დავიწყო სელებრითების საცვლების ძებნა!..“

ბლოგი

გოგა წურწუმია

ჟურნალისტი

მსოფლიოში ინტერნეტით დაახლოებით 4 მილიარდზე მეტი ადამიანი სარგებლობს. ფაქტია, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე საოცარმა და მოთხოვნადმა გამოგონებამ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი ადგილი დაიკავა და დღეს უკვე ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია ან შეიძლება წარმოდგენა, მაგრამ ჩვენ არ გვინდა.

სტატიას, რომელსაც მოსაზრების სახით ვწერ, დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმუმ 15 კაცი ნახავს. დღეს, როდესაც ინფორმაცია ულევია და ყოველ წამს ახალი საინტერესო მასალა იდება სხვადასხვა საიტებზე, ქართველი მოსახლეობის 90% მაინც უყურებს და ათვალიერებს ისეთ მასალებს, როგორსაც ქვევით ნუმერაციის სახით შემოგთავაზებთ.

1. თამო ვაშალომიძის მუცელი გაგაოცებთ. შენ გაიზარდე პატარავ!

2. დედამ, რომელმაც შვილი 21 წლის შემდეგ იპოვა ბავშვთა სახლში ჩააბარა…

3. კვირიკაშვილმა მელიას დედის ტ…. დააფარა. ოხ რა ქვეყანაში ვართ (ნახეთ ვიდეო ვაი ვაი)

4. ნახეთ, როგორ გახადა შორენას მამულიჩამ და შემდეგ გაბრაზებულმა ლელამ ისევ ჩააცვა

5. ნახეთ, როგორ მზადდება უგემრიელესი თევზი ნიშადურის სპირტით

6. ნახეთ, როგორ აცვია კიტოვანს, ნამდვილი მებრძოლია.

7. არც ბარსელონა, არც რეალი ნიგერიელმა ფეხბურთელმა სამტრედია არჩია…

არ შემიძლია აღშფოთება არ გამოვთქვა და არ განვაცხადო, რომ ქართველი ერი დროის უმეტეს ნაწილს ინტერნეტში ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებაში ატარებს.

იმის ფონზე, რომ საქართველოში ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა საზოგადოების ნაწილი “აზრზე არაა” რა ხდება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულმა მათგანმა კარგად იცის რამდენი ნიფხავი იყიდა ვაშალომიძემ, თუმცა იმის გაგებაშიც კი არ არიან, რომ ნასაში მე-8 კლასელმა ქართველმა ბავშვებმა, რომლებიც სენაკიდან არიან ფურორი მოახდინეს და შინ პირველი ადგილით დაბრუნდნენ.

მე, როგორც დამწყები ჟურნალისტი, რომელიც 3 წელია ამ საქმით დავკავდი, გაოგნებული დავრჩი, ერთი პერიოდი ვინანე კიდეც ის, რომ სხვა პროფესია არ ავირჩიე, რადგან ჩემს ნაწვალებ მასალას გაზიარებების შემდეგ 70 ნახვა ქონდა, ხოლო ბეგაშვილის შიშველ ფოტოს 1200 კაცი “პირღია” უყურებდა.

მედია, რომელიც მუშაობს რეიტინგზე და არა ხარისხზე მაინც მოგებაშია, რა მნიშვნელობა აქვს რას დაწერენ მთავარია ნახვადი იყოს და სწორედ ესაა დამღუპველი, რადგან სოციალური ქსელი იქცა ბეგაშვილი, ვაშალომიძის ნიფხვების გარჩევის ადგილად.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ფულზე დახამებულმა მედია ორგანიზაციებმა, რომლებიც ყვითელი თემების გამოტანით მდიდრდებიან, ქართველი მკითხველის გემოვნება დააქვეითა. ხოლო დამწყები “ჟურნალისტები”, რომლებიც კარგ მასალაზე და რეიტინგზე ფიქრობენ ნელ-ნელა ქართველი სელებრითების საცვლების ძებნას იწყებენ…

წყარო

intermedia.ge