კოსოვოს პრეზიდენტს ჰააგის ტრიბუნალის გაუქმება სურს

კოსოვოს პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის განცხადებით, ის ხელს მოაწერს კანონპროექტს ჰააგის სასამართლოს გაუქმების შესახებ, თუ ასეთ კანონპროექტს პარლამენტი დაამტკიცებს. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.

ტაჩიმ “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აღნიშნა, რომ „არ აქეზებს კანონმდებლებს“ ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ, მაგრამ ხელს მოაწერს „ნებისმიერ გადაწყვეტილებას“, რომელსაც ამ საკითხზე პარლამენტი მიიღებს.

კოსოვოს მმართველი კოალიციის წევრი პარლამენტარები მოითხოვენ, გაუქმდეს ტრიბუნალი, რომელსაც ევალება „კოსოვოს გათავისუფლების არმიის წევრთა“ გასამართლება კოსოვოში 1998-99 წლების ომის დროს სერბთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისათვის.

ტრიბუნალი 2015 წელს ნიდერლანდებში დაარსდა და კოსოვოს იურისდიქციას ექვემდებარება. რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ტაჩიმ სასამართლოს „ისტორიული უსამართლობა უწოდა“.

მისი თქმით, „სერბეთი შეიჭრა კოსოვოში და ეს იყო განმათავისუფლებლებისა და კოსოვოს ხალხის თავდაცვითი ომი.“ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი გადაჭრით ეწინააღმდეგებიან ჰააგის სასამართლოს გაუქმების მცდელობას.

საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილ იუგოსლავიაზე ოფიციალურად დაიხურა. ამის შესახებ ტრიბუნალის თავმჯდომარემ კარმელ აგიუსმა განაცხადა. 24 წლის განმავლობაში, შემოწმდა 2,5 მილიონამდე დაკითხვის ოქმი და გასამართლდა 171 ადამიანი. ბოლო საქმე ხორვატიის არმიის გენერალ სლობოდან პრალიაკს ეხებოდა, რომელმაც 29 ნოემბერს სასამართლოს სხდომაზე საწამლავი დალია და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სლობოდან პრალიაკს ბოსნიელი მუსლიმების წინააღმდეგ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში სდებდნენ ბრალს.

ტრიბუნალთან ერთად შეწყდა იმის გამოძიებაც, თუ საიდან აღმოაჩნდა გენერალს საწამლავი დარბაზში, მაშინ როდესაც ის 24 საათის განმავლობაში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.

ყოფილ იუგოსლავიაზე საერთაშორისო ტრიბუნალი ჰააგაში 1993 წელს დაარსდა. ის განიხილავდა ომის დანაშაულებს, გენოციდს და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს იუგოსლავიის ომების დროს 1991-დან 2001 წლამდე. ამ ხნის განმავლობაში 171 ადამიანს წაუყენეს ბრალი, დაკითხეს 4650 ეჭვმიტანილი, ჩატარდა 10 800 სასამართლო სხდომა და შემოწმდა 2 500 000 ჩანაწერი.

გასამართლებულებიდან ბრალი წაუყენეს 102 სერბს, 3 მონტენეგროელს, 38 ხორვატს, 17 ბოსნიელს, 9 ალბანელს, 2 მაკედონიელს. პროცესების დროს, სასამართლომ გაამართლა 17 სერბი, 12 ხორვატი, 7 ბოსნიელი, 6 ალბანელი და 1 მაკედონიელი. მათგან უვადო პატიმრობა შეეფარდა 6 სერბს, ხოლო 171 ბრალდებულიდან ვერდიქტის გამოტანამდე გარდაიცვალა 19 ადამიანი (16 სერბი, 2 ხორვატი, 1 ბოსნიელი).

1992 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბოსნიასა და ჰერცეგოვინაში შეიარაღებული კონფლიქტი სერბებსა და ბოსნიელ მუსლიმებსა და ხორვატებს შორის დაიწყო. ომი ნატოს ჯარების ჩარევის შემდეგ შეწყდა. ნატოს ჯარებმა სერბული პოზიციები დაბომბეს.

კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა, რომელიც უკვე 100-ზე მეტმა ქვეყანამ ცნო.