მუშამ, რომელიც ვალეში ხელფასის აუღებლობას აპროტესტებდა, თავი ჩამოიხრჩო

ვალეს საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლის სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული 35 წლამდე კაცი, ნაქირავები სახლის აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გარდაცვლილი ვალეში სამუშაოდ დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩავიდა და ბინა იქირავა. დამსაქმებლის შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის თქმით, 35 წლის მამაკაცი დევნილი იყო: „ოჩამჩირიდანაა, სად ცხოვრობდა ვალეში ჩამოსვლამდე, არ ვიცი“.

გარდაცვლილი ერთ–ერთი იყო იმ აქციის მონაწილეებს შორის, რომლებმაც ვალეში სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით 27 დეკემბერს, ღამით, აქცია გამართეს. მუშები ბოლო ოთხი თვის ხელფასის დარიცხვას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებოდნენ.

როგორც ვალეში ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ბევრი ვალი ჰქონდა და იმის გამო, რომ ხელფასს ვერ იღებდა, ვერც ბინის ქირას ისტუმრებდა.

ვალეში საბავშვო ბაღსა და კულტურის სახლს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული შპს „ქრისტინე სარაშვილი“ არემონტებს. მისი თქმით, მუშების დავალიანების დაფარვა გუშინ დაიწყო: „სრულად არ გაგვისტუმრებია, დღეს ბოლომდე დავფარავთ“.

სარაშვილი აქციის დღეს აცხადებდა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან თანხა გადარიცხული იყო თუმცა მის ანგარიშზე ასახვას დრო სჭრიდებოდა. „ჩვენი მხრიდან დაგვიანება არ ყოფილა, თანხა დროულად გადაირიცხა“, – აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.