შობას გილოცავთ! ჩვენს გულში შემოყუჟულ მაცხოვარს დიდება და მადლობა მარადის!

გიორგი ტიგინაშვილი

ივრისპირელი

დედამიწაზე მცხოვრებთაგან, ალბათ ,არავის წარმოედგინა, სიღარიბეში თუ იშვებოდა მაცხოვარი და უშუალოდ ადამიანებთან თუ მივიდოდა ყოველი ქნილების დიადი მეუფე.

კაცობრიობის უგუნურება, დახშული მზერა და ყინულივით ცივი უგრძნობლობა ვერ იაზრებდა თავის ცოდვილებასა და სიშლეგეს. მიძინებული სინდისი, გავეშებული ურწმუნოება და უნამუსობა ხავსად ედო იმდროინდელ კაცთა მოდგმას. როგორც შემდგომში გამოჩნდა, ხალხისათვის მიუღებელი იყო მესიის სისადავე და უბრალოება, მისი ერთი შეხედვით არაესთეტიკურობა და უსუსურობა. მათი ხედვით, “მეუფე ჰურიათა” უნდა შობილიყო მდიდრულ სასახლეში, რომელსაც ექნებოდა გარეგნული ძალაუფლება, ქედმაღლური სიბრძნე და თავისი სამეფო რეგალიებით პლანეტის დამორჩილების უპირობო ამბიცია.

მაშინდელი მსოფლიოც საკმაოდ ქაოტური და ბობოქარი იყო. რომის იმპერია თავის ძალაუფლებასა და სახელწიფოებრივ ზეაღსვლას ადამიანთა ჩაგვრასა და უცხოტომელთა დამონებაში ეძიებდა. საბერძნეთი ხელოვნებას ავითარებდა და ხორცისა და ქვედამზიდველი ვნებების მსახურებას მისცემოდა. აღმოსავლური საზოგადოება სულიერ მოთხოვნილებებსა და რელიგიურ გრძნობებს ბუნებისა და მისი მოვლენების ჭვრეტაში იკმაყოფილებდა. იუდეველებს მხურვალედ და ფანატიკურად სწყუროდათ პოლიტიკური მონობის უღლიდან გათავისუფლება. ამისათვის ისინი მოელოდნენ მესიას, ქვეყნიური ხელმწიფის სახით, რომელიც მათ გამოიხსნიდა ტყვეობიდან, დაუბრუნებდა გარდასულ დღეთა დიდებას და სხვა ერებზე გააბატონებდა.

ამაოებაში, წუთისოფლის სტიქიასა და ბიწიერებაში ჩაძირული სამყარო ძალუმად მიექანებოდა დაღუპვისაკენ. კაცობრიობის ცოდვათა ზღვა აღძრული იყო და დანთქმას უქადდა წუთისოფლის მეხოტბეთ.

ასეთ ვითარებაში არავინ ელოდა “მშვიდ და გულით მდაბალ” მაცხოვარს, რომელიც მიწიერის ნაცვლად, ზეციური დიდებით იქნებოდა მოსილი. სწორედ ასეთი მიღმიერი, აღმატებული და სხივმფენი იყო იესო, რომელსაც ყველას ცხონება და ჭეშმარიტების ნათლით გაცისკროვნება სურდა.

და მართლაც: იესო ქრისტე, ჩუმად, უხმაუროდ და თვინიერი სიმშვიდით გარდამოხდა ზეციდან ადამიანის სახით. მარადიული ღმერთი იშვა იმისათვის, რომ ადამის ცოდვა ეტვირთა და თავისი შვილები გამოეხსნა ცოდვის, წყევისა და სიკვდილისაგან. მოგვევლინა როგორც კაცი, აბსოლუტურმა ღმერთმა სრულებით მიიღო ადამიანური ბუნება, ცოდვის გარდა და ჩვენი მსგავსი შეიქმნა. “თავი თვისი დაიმდაბლა და ხატი მონისაი მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი”(ფილპ. II 2,7).

უცოდველი ხორცი შეიმოსა უფალმა და მიწაზე ჩამოვიდა, რათა მიწიერი სიბნელისათვის ზეციური ნათელი მოეტანა. მაცხოვარი არ მოსულა ამქვეყნად რაიმე პოლიტიკური, სოციალური ან ეკონომიკური ნიშნით, არამედ ჩვენი ღმერთთან შერიგებისა და ჩვენდამი აუწონავი სიყვარულის დასამტკიცებლად, რომელიც მან თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობით გამოავლინა. “ღმერთი ქვეყანასა ზედა მოვალს, რათა კაცი ცათა შინა აღიყვანოს” (ლიტიის სტიქარონი).

უფალს სურდა, რომ ადამიანის სიმძიმე ეტარებინა და ყველასათვის მისაწვდომი გამხდარიყო. ყოფილიყო მკურნალი და დაცემისაგან აღმადგინებელი ჩვენი. “ძე კაცისა არა მოვიდა, ვითარმცა იმსახურა, არამედ მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთა”(მარკ.10,45). განკაცებიდანვე სიმდაბლის საოცარ მაგალითს გვაძლევს, იშვება მომცრო ბაგაში, იქ, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს ერეკებოდნენ. მზე სიმართლისა ანუ ძე ღვთისა იშვა პატარა ქალაქში, სადაც იმპერატორ ავგუსტუსის ბრძანების თანახმად, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის დროს ჩავიდა შეჭირვებული, მაგრამ სათნოებით მდიდარი ოჯახი მართალი იოსებისა.

ქალწულმა მარიამმა, რომელიც სულიწმინდით დაორსულდა, შვა დაუსაბამო ღმერთი. ის, ვინც მთელ შექმნილ სამყაროზე მაღლა დგას. დედამიწამ თვალთშეუდგამ ღვთიურ ყრმას მღვიმე შესთავაზა. მანაც მორჩილად მიიღო მამისაგან მასზე დაშვებული ხვედრი და ახალშობილი ბავშვი, თბილი ღიმილით მიეახლა დედის ტკბილ მკერდს.

როგორც ქვეყნიური მეფე, ზოგჯერ გლეხის უბრალო ტანსაცმლით იმოსება (სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე), რათა არ მიიპყროს არამოსურნეთა ყურადღება, ასევე ზეციური მეუფეც მონის ანუ ადამიანის სახეს ამოეფარა, რათა ბოროტისათვის არ მიეცა გასაქანი ბრძოლის ველიდან გაქცევისა. ქვეყანას მოევლინა ქრისტე – ჭეშმარიტი მსაჯული, წარუვალი მეფე და მღვდელმთავარი. იგი იყო მეფე და გამეფდა, რათა ცოდვა და სიბილწე აღმოეფხვრა. ის იყო ყოვლისმპყრობელი, მაგრამ ჩვენი ცოდვებისათვის საკუთარი თავი ზვარაკად მიიტანა სამსხვერპლოზე და თავისი ძალაუფლება ჯვარზე მიალურსმა. ყველაფრის მიუხედავად, ის ვერ იცნეს… “თვისთა თანა მოვიდა, და თვისთა იგი არა შეიწყნარეს”(ინ.1, 11).

შობა არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა. ეს იყო სიკეთის, სათნოების, უკვდავებისა და სიყვარულის შემოშუქება დედამიწაზე. ეს მოასწავებდა ძველი სისასტიკის სამეფოში ახალი სინათლის შემოჭრას.

ანგელოზთა მელოდიური გალობა – “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობა, და კაცთა შორის სათნოება”(ლკ.2,14), რომლითაც ისინი ქრისტეს ხორციელ მოსვლას უმღეროდნენ, იმ ღარიბმა ბეთლემელმა მწყემსებმა გაიგონეს, რომელთა სიბრძნის ერთადერთ წყაროს ქმნილების სილამაზეში გამოვლენილი ღმერთის სიბრძნე წარმოადგენდა.

დანარჩენ კაცობრიობას, რომელმაც თავისი სულიერი სიყრუისა და სიბეცის გამო ანგელოზები ვერ ნახა და გალობა ვერ გაიგონა, ზეცამ ეს მოელვარე კაშკაშა ვარსკვლავის მეშვეობით აუწყა. ეს არ იყო ციური სხეული და იმ ვარსკვლავთაგანი, რომელთაც ჩვენ გალაქტიკაში ვხედავთ, არამედ ეს იყო ღვთიური და ანგელოზებრივი ძალა, რომელიც ვარსკვლავის სახით გამოჩნდა, რადგანაც მოგვები ვარსკვლავთმრიცხველები იყვნენ, უფალმა მოიყვანა ისინი მათთვის გასაგები ნიშნით, კერძოდ, მოციმციმე ვარსკვლავით. ის ვარსკვლავი რომ მართლაც ანგელოზებრივი ძალა იყო, იქიდანაც ჩანს, რომ დღისით ანათებდა, მიდიოდა მაშინ, როცა მოგვებიც მიდიოდნენ და იდგა, როცა ისინი ისვენებდნენ.

ზეცამ ღვთის დიდება, თავისი ანგელოზებრივი საყვირით ყველას ამცნო, მაგრამ მხოლოდ მოგვებმა გაიგეს ზემიწიერი წიაღიდან მომავალი ხმა, ისინი საღვთო განგებულების მაძიებელი იყვნენ და ამიტომაც მზად იყვნენ, ყველგან წასულიყვნენ. მიადგნენ კიდევაც მიყრუებულ ბოსელს… მიეახლნენ ახალშობილ ჩვილს “და აღაღეს საუნჯეთა მათთა და შეწირეს მისა ძღუენი: ოქრო, გუნდრუკი და მური”. – ოქრო მიართვეს, ვითარცა მეფეს, გუნდრუკი – ვითარცა ღმერთს და მური, ვითარცა განმცდელს სიკვდილისა, რადგან ებრაელნი მიცვალებულს მურს სცხებდნენ იმისათვის, რომ სხეული გაუხრწნელი დარჩენილიყო.

უსჯულო ჰეროდემ მესიის შობის შესახებ რომ შეიტყო, შეცბა და მისი მოკვლა განიზრახა. მიუხედავად მისი მზაკვრული და ცბიერი სამძებრო ღონისძიებისა, მან პატარა იესო მაინც ვერ იპოვა, მის ძებნაში უამრავი ჩვილი მოაკვდინა, ბაგაში საიდუმლოდ შობილის მოკვლა კი მაინც ვერ შეძლო… მას მერე, იგი ჩვენში ცოცხლობს ეკლესიის უცვალებელი მადლით. ვეცადოთ, რომ ჰეროდემ ვერასოდეს მოაგნოს ჩვენში ყრმა იესოს. ამინ

შობას გილოცავთ! ჩვენს გულში შემოყუჟულ მაცხოვარს დიდება და მადლობა მარადის!