რატომ მოდიან საქართველოში ბიზნესის საკეთებლად…თურქი ბიზნესმენის გულახდილი პასუხი

დავით დოლიძე

რატომ მოდიან საქართველოში ბიზნესის საკეთებლად…

ინტერვიუ თურქ ბიზნესმენთან, რომელიც საქართველოში ცხოვრობს

GMTVს დღევანდელი რესპონდენტი წარმატებული თურქი ბიზნესმენი შენულ კაჰრამანერია. ის ამ სფეროში უკვე 3 წელია რაც ჩაბმულია და ნელ-ნელა ვითარდება.  იგი დაიბადა და გაიზარდა  იზმირში,ერთ-ერთ ტრადიციულ ოჯახში. მიიღო უმაღლესი განათლება ათათურქის უნივერსიტეტში და შეუდგა მის საყვარელ საქმიანობას. შენული არის რამდენიმე ბიზნესის მფლობელი თურქეთსა და საქართველოში, რომელმაც თავისი ცხოვრება მოგვიყვა. 

როგორია თქვენი ცხოვრების ისტორია?

-დავიბადე ქალაქ იზმირში. ვიზრდებოდი ტრადიციულ თურქულ ოჯახში. მამა სამწუხაროდ ადრე გარდამეცვალა, ამიტომ მე და ჩემს ორ დას დედა გვზრდიდა. ასევე ოჯახში გვყავდა ბებიაც. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან არაფერი მაკლდა, რადგანაც დედა ყველანაირად გვიწყობდა ხელს. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე სტამბოლის ათათურქის სახელობის უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტზე, რომელიც წითელ დიპლომზე დავხურე. ამჟამად 43 წლის ვარ, მაგრამ კვლავ დასაოჯახებელი. მთელი ჩემი ცხოვრება საქმეს მივუძღვენი და პირადისთვის სამწუხაროდ ვერ მოვიცალე.

რას საქმიანობდით თურქეთში?

-უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იზმირში დავბრუნდი და საკუთარ უბანში ჩაის სახლი გავხსენი. მოგეხსენებათ თურქებს გვიყვარს ჩაი. ამიტომაც მოგება მალევე ვნახე ამ საქმიდან. ხელი იმანაც შემიწყო, რომ ჩემს დასახლებაში მსგავსი ობიექტი არ იყო და უკონკურენტო ვიყავი, ყველა ჩემთან მოდიოდა. შემდეგ მოგება ისევ ბიზნესში ჩავდე და კაფე-ბარი გავხსენი სახელად “ურუქი”. დღეს ამ ბარის ფილიალები იზმირში, სტამბოლში, ბოდრუმსა და თბილისში მდებარეობს.

როგორ ცხოვრობთ საქართველოში?

-საქართველოში ძალიან კარგად ვცხოვრობ. ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე და კეთილი ხალხი ხართ. იცით რა არის ტოლერანტობა და მეგობრობა. ამიტომაც ჩემს ბარს ბევრი ქართველი აკითხავს. თბილისში ბევრი მეგობარი გავიჩინე. მათ შორის რამდენიმე ბიზნესმენია. მათი დახმარებით ამ ზაფხულს “ურუქი”-ს მორიგი ფილიალის გახსნას ბათუმში ვგეგმავ. ასე რომ აქ თავს მშვენივრად ვგრძნობ და დიდ გეგმებსაც ვსახავ.

რამდენი ხანია რაც საქართველოში ცხოვრობთ?  

-საქართველოში უკვე 3 წელია ვცხოვრობ. თავიდან თურქული ჩაის სახლი გავხსენი, რომელმაც არ გაამართლა, შემდეგ კი ბარად გადავაკეთე. დღეს “ურუქი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია თბილისში, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი აკითხავს. მათ მოსწონთ ატმოსფერო, მომსახურება, სამზარეულო. ჩვენ კი მაქსიმალურად ვცდილობთ სიამოვნება მივანიჭოთ ჩვენს სტუმრებს.

მაინც და მაინც რატომ აირჩიეთ საქართველო ბიზნეს წყაროდ? 

-საქართველოში არის განვითარებული ტურიზმი, გარდა ამისა აქ ბევრი თურქი ცხოვრობს ან მოგზაურობს. თქვენ ხართ ამ რეგიონში მოწინავე ქვეყანა ყველა მიმართულებით და გაქვთ დიდი პოტენციალი კიდევ უფრო განვითარებისთვის. მართალი გითხრათ ბევრი არც მიფიქრია თუ სად გამეხსნა პირველი ბარი თურქეთის საზღვრებს მიღმა და მაშინვე საქართველო ავირჩიე. ახლა ვაცნობიერებ, რომ არჩევანში არც შევმცდარვარ.

შეგქმნიათ თუ არა რაიმე სახის პრობლემა ბიზნესის წამოწყებასთან ან საზოგადოებაში ინტეგრაციის თვალსაზრისით?                 

-წეღანაც აღვნიშნე და ახლაც განვმეორდები, რომ საქართველო ფანტასტიური ქვეყანაა ყველა მხრივ. იმდენად გამიმარტივდა აქ საქმიანობა და ბიზნესის კეთება, რომ თავადაც მიკვირდა. ჩემი მეგობრები თურქეთში კი დღემდე ვერ იჯერებენ, რომ ვუყვები. ასე რომ თამამად შემიძლია თქმა, საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ამ წუთამდე არანაირი პრობლემა არ მქონია არც ბიზნესის და არც საზოგადოებაში ინტეგრაციის კუთხით.

რას გამოარჩევდით ყველაზე მეტად საქართველოსა და ქართველებში?

-გამორჩევის ღირსი ბევრი რამ გაქვთ ქართველებს. მაგრამ, მე მაინც გამოვარჩევდი ბუნებას, სამზარეულოს და ხასიათს. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო გაქვთ მსოფლიოში, რომელიც მშვენივრად მიესადაგება მომაჯადოვებელ ბუნებასა და თქვენს სამხრეთულ ტემპერამენტს.

ამ სამი წლის განმავლობაში, რაც აქ ვცხოვრობ ბევრგან ვიყავი, ბევრიც მინახავს და გამისინჯავს. თუმცა გამოყოფით, გამოვყოფდი სვანეთს, ხინკალს, კრიმანჭულსა და ლაზურ ცეკვას. ეს ყველაფერი ჯამში არნახულ სინთეზს ქმნის. პირადად მე ამ ყოველივეთი გაოცებული ვარ და ამიტომაც მიყვარს ეს ქვეყანა.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქართველო ჩემი მეორე სამშობლო და სახლია!