იგეგმება არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“ არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვაზე საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებას გეგმავს.

ფრაქციის წევრების განცხადებით, აღნიშნული საკითხი საკანონმდებლო რეგულირების მიღმაა დარჩენილი, რამაც მომავალში შესაძლოა პრაქტიკული პრობლემები შექმნას.

„პერსონალური მონაცემების დამუშავება პირდაპირ კავშირშია ბავშვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვასთან, რის გამოც ამ სფეროს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და შევქმნათ მყარი სამართლებრივი გარანტიები ბავშვთა უფლებების დასაცავად. აუცილებელია, კანონში გაჩნდეს შესაბამისი ჩანაწერები, კონკრეტულად გაიწეროს მშობლის მიერ თანხმობის გაცემის საკითხები და თავად ბავშვის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ – აცხადებენ ფრაქციაში.

გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს მთავარი პროკურატურის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის“  მოცემული საკითხის სიღრმისეული შესწავლის მიზნით, სამუშაო ჯგუფის შექმნასა და ინტენსიური მუშაობის გაგრძელებას აპირებს.​