მაიკ პომპეო: სირიაში ასობით რუსი მებრძოლი დაიღუპა

სირიაში რამდენიმე კვირის წინ  “რამდენიმე ასეული” რუსი მებრძოლი დაიღუპა- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილმა მაიკ პომპეომ  განაცხადა, რომელსაც სენატში უსმენენ.

პომპეომ დამატებითი დეტალების დაზუსტებისგან თავი შეიკავა და არც ამ ინფორმაციის წყარო დაასახელა. მან მხოლოდ ის თქვა, რომ შემთხვევა რამდენიმე კვირის წინ მოხდა და რუსები ამერიკელ სამხედროებთან საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ.

რუსული მედიის ცნობით, სავარაუდოდ პომპეო 8 თებერვლის  მოვლენებს  გულისხმობდა, როდესაც სირიის დეირ-აზ-ზორის პროვინციაში ბაშარ ასადის მხარეს მყოფმა დაქირავებულმა მებრძოლებმა აშშ-ის მოკავშირე ქურთების პოზიციაზე იერიში მიიტანეს. მაშინ ამერიკულმა ავიაციამ დარტყმა განახორციელა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი თანამდებობიდან 13 მარტს  მოხსნეს. მაშინვე ცნობილი გახდა, რომ მის ადგილს ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი მაიკ პომპეო დაიკავებდა.