26 მაისს საქართველოსა და მსოფლიოს 100-ზე მეტ ქალაქში 300-მდე ღონისძიება გაიმართება

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოსა და მსოფლიოში 300-ზე მეტი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებები 100-ზე მეტ ქალაქში ჩატარდება. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

19-20-21 მაისს პარლამენტის ეზო მნახველებისთვის გაიხსნება და იქ იმპროვიზირებულ სცენაზე სხვადასხვა თეატრალური წარმოდგენა გაიმართება.

ღონისძიებებში ჩართულია ეროვნული ბიბლიოთეკა, სადაც 25 მაისს იხსნება საგამოფენო დარბაზი – „დამოუკიდებლობის დარბაზი“.

26 მაისს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 100 წლის წინანდელი მოვლენების ინსცენირება გაიმართება – როდესაც ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

თბილისში რუსთაველის გამზირზე ტრადიციულად მოეწყობა სახალხო საზეიმო სეირნობა. ღონისძიებები საქართველოს რეგიონებშიც გაიმართება.

დღის ბოლოს, საქართველოს ქალაქებში ცივი ფოიერვერკი გაიმართება. თბილისში ის ჩამოიყრება რუსთაველის გამზირზე ვერტმფრენით. ასევე რადიო და სატელევიზიო ეთერებში გაიჟღერებს საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები გაიმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქშიც.