14-17 მაისს ეროვნული ძალების გაერთიანება აქციებს აანონსებს

ეროვნული ძალების გაერთიანება 14 მაისს, 18:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე მსვლელობის გამართვას გეგმავს. როგორც გაერთიანების ერთ-ერთი წევრი, სანდრო ბრეგაძე აცხადებს, აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ დაიძვრებიან, სადაც 17 მაისის ჩათვლით დარჩენას აპირებენ. ამის შესახებ 1tv წერს.

ბრეგაძის თქმით, მსვლელობა ნარკომოვაჭრეების, კრიმინალების წინააღმდეგ ბრძოლას გულისხმობს. ეროვნული ძალებისთვის მიუღებელია პარლამენტის შენობასთან ამჟამად მიმდინარე აქციის შინაარსი.

„მათ მოუწევთ არაკანონიერი აქციის დაშლა და ჩვენთვის ადგილის დათმობა. გვინდა ჩვენს შეცდენილ თანამემამულეებს, მოვუწოდოთ, მოუხმონ ჭკუას. ოფიციალური განაცხადი უკვე შევიტანეთ მერიაში და 10 დღის ნებართვა ვითხოვეთ”, – ამბობს ბრეგაძე.

თბილისის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის გასაპროტესტებლად პარლამენტთან შეკრებილმა მოქალაქეებმა კი გუშინ განაცხადეს, რომ აპირებენ 17 მაისი და 26 მაისი პარლამენტთან იზეიმონ. აქცია ელექტრონული მუსიკის ფონზე,“ცეკვა თავისუფლებისთვის” სახელწოდებით გრძელდება.

გუშინ თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა, რომელიც კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდებოდა. რუსთაველზე შეკრებილი აქციის წევრები, სპეცრაზმელების მხრიდან აგრესიულ მოპყრობას აპროტესტებენ. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 8 ნარკორეალიზატორი.

ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.