სოფელი კოშკი სკვერის მოწყობაში დახმარებას ითხოვს

საზღვრისპირა სოფელი კოშკი.

უამრავი პრობლემა…დამატებული შიში, მუდამ ფხიზლად ყოფნა…ომის ნაიარევი დღესაც ეტყობა სოფელს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და სოფელიც ცდილობს ცხოვრების ფერხულში ჩაბმას.

ფუსფუსებენ საკუთარ ოჯახებში, თუმცა არ ივიწყებენ, რომ სოფელში ბავშვებს და მომავალ თაობას რაღაც ელემენტარული გასართობი და დასასვენებელი უნდა ჰქონდეთ, ამიტომ ცდილობენ საკუთარი ხელით შექმნან, არც სხვისთვის თხოვნას ერიდებიან, რადგან იციან, რომ ეს ყველაფერი ბავშვებისთვის კეთდება…

სოფელში იძულებით გადაადგილებულმა ქალთა ორგანიზაციამ „თანხმობამ“ ბავშვებისთვის პატარა სასრიალოები დადგა. ამ ადგილას სოფლის მაცხოვრებლებს სკვერის გაკეთება უნდათ. ტერიტორია შემოღობილია, პატარა მოედანი , გამწვანება და სკამებიც რომ ჰქონდეთ, ადგილობრივები საღამოობით მაინც შეძლებდნენ აქ ამოსვლას და დასვენებას. ღობეზე ფერადი ნახატებიც გაუკრავთ, რომ პატარებს საყვარელი მულტფილმების და ზღაპრების გმირების დანახვაზე ღიმილი მოერიოთ და უჩვეულოდ სევდიანი თვალები სიხარულით აუციმციმდეთ…

13876656_1198085126909852_8772838093875517584_n 14034758_1198085123576519_3839061211621220629_n

-„დაგვეხმარა „თანხმობა“, დავდგით ეს სასრიალოები, გვინდოდა ბავშვებისთვის გახსნაზე ლამაზი დღესასწაული მოგვეწყო, მაგრამ  ხელმძღვანელობამ დაგვასწრო, სხვისი შრომა თავისად გაასაღა და ტელევიზიის თანხლებით გახსნა, აბა მეორეჯერ ხომ არ გავხსნიდით. ახლა ბალახი წამოვიდა, მაგრამ მალე გავასუფთავებთ. გვინდა სკვერი გავაკეთოთ, გამწვანება და სკამები გვჭირდება, კარგი იქნება პატარა სტადიონიც თუ გაკეთდება, ან ფრენბურთის სათამაშო მაინც. გორის სანერგე მეურნეობაში ვიყავით, საკმაოდ ძვირია ნერგები, ცხენისწაბლა და კედარი გვინდოდა დაგვერგო, მაგრამ…თუ ვინმე გამოჩნდება ღვთისნიერი და პარკის მოწყობაში დაგვეხმარება, მადლობლები ვიქნებით. იმდენი პრობლემაა სოფელში, რომ ცოტა დასვენება და ლამაზი გარემო ნამდვილად სჭირდება ხალხს, მითუმეტეს ბავშვებს“-გვითხრა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ლია მიქელაძემ, სწორედ მისი თხოვნით და ძალისხმევით მოხდა სასრიალოების დადგმა.

   ჩვენ აუცილებლად დავუკავშირდებით შესაბამის სტრუქტურებს, იქამდე კი მოგმართავთ ყველას, ვისაც შეგიძლიათ სოფელს სკვერის მოწყობაში დაეხმაროთ. იქნებ ნერგები მიაწოდოთ, ან ხის საამქრო გაქვთ და შეგიძლიათ სკამები აჩუქოთ.  ამ ადამიანებს ჩვენი საერთო თანადგომა და ყურადღება სჭირდებათ!

   მერეთში კიდევ ერთი მიტოვებული სკვერი ვნახეთ, სადაც ძეგლი დგას-ქართველი დედა, რომელიც  აძლევს  შვილს ხმალს და სამშობლოს სადარაჯოზე უშვებს. ვუყურებდი ამ ადგილს და ვფიქრობდი, კარგი იქნება ახალგაზრდები თუ მიხედავენ, ბალახს მოცელავენ, გამხმარ ხეებს მოჭრიან…მერე მივხვდი, რომ იქაურებს სტიმული სჭირდებათ…არ ვიცი რატომ, მაგრამ დარწმუნებული ვარ სტიმულის მიმცემებიც გამოჩნდებიან…

14053745_1198088520242846_4215999554059816157_o 14053901_1198088503576181_3567934853967162732_o

 

 

 

კომენტარის დატოვება