მიხეილ ცილიკიშვილმა საქართველო გაბრაზებულმა დატოვა…

საკმაოდ რთულ და დაძაბულ დღეს თვალში საცემი იყო აბსოლუტურად სხვა თემაზე დაწერილი სტატუსი, რომელმაც საკმაოდ ბევრი ადამიანი დააინტერესა, რაც კომენტარებშიც გამოიხატა.

აფხაზეთის ომის ვეტერანმა, ტამიშის ბრძოლის მონაწილემ, პოლიტპატიმარმა მიხეილ ცილიკიშვილმა საქართველო დატოვა, თან როგორც მისი სტატუსიდან ირკვევა საკმაოდ გაბრაზებული გაშორდა სამშობლოს.

-მე წავედი და აღარც მოვალ.
თავპირიც გიმტვრევიათ, ოღონდ უჩემოდ!!!
სამშობლო!, მთებო!, შენი შვილი განებებს თავსა!!!-წერს ცილიკიშვილი.

ამ სტატუსის წაკითხვისას გამახსენდა მიხეილ ცილიკიშვილის მონატრება, იმ თბილისის მონატრება, რომელიც არათუ მხოლოდ მას, არამედ საკმაოდ ბევრ თბილისელს ენატრება.

-“თბილისელების თბილისური მონატრება – 46 წელია თბილისში ვცხოვრობ და თბილისელობა ისეთი მაგარია კიდევ ვსწავლობ, 15 წელი ვჩხუბობდი ხელჩართულს და შევეშვი, საერთოდ იდიოტობაააა ჩხუბი, ჩხუბს ისწავლი და მორჩა, თბილისელობააა მაგარი და ყოველდღე სასწავლი, 15 წელში თბილისელობას ვერ ისწავლი, ეს ხელოვნებააა, სითბოა, ტრამვაი და ტროლეიბუსი უნდა იცოდე, გამარჯობა თბილისური და სიყვარული, კირიჩნი, არტო, გორკი, კუბოები, ზემელი, კიკვიძის ბაღი, დიღმის ტყე, კუკია, ვერე რეჩკა, ორთაჭალა, ხარფუხი, კიკა, მარინა, დიღმელი კოლა, რიყე, დილის საარი, სადგურიდან წისქვილამდე, ტივი, ქალის პატივისცემა, ჩხუბში დაძმაკაცებული კაცის ნათლიად გახდომა…“

აი, ასეთ თბილისმონატრებულმა დატოვა საქართველო და ….მაგრამ რამ გააბრაზა ასე ძალიან, რომ კაცმა, რომელიც სამშობლოს სადარაჯოზე იდგა მუდამ და ახლაც დაუფიქრებლად გასწირავს სიცოცხლეს საქართველოსთვის, ასეთი გადაწყვეტილება მიიღო?

ამ კითხვით თავად ცილიკიშვილს დავუკავშირდით, ან არ ისურვა ვრცელი საუბარი და მოკლე პასუხებით შემოიფარგლა.

-რამ გაგაბრაზათ, ბატონო მიხეილ?

-ბევრმა რამემ, დაუნახალობამ, მლიქვნელობამ.

-და სად მიდიხართ?

-სად და სადაც აფასებენ კაცობას. არ არიან მლიქვნელები და სკამებზე გადამკვდარი ჩინოვნიკები. სადაც ადამიანი თავს საჭიროდ იგრძნობს…..
-ნუთუ სულ უიმედოდ მიდიხართ?
-არა,  მჯერა  დადგება ის დრო, როდესაც საქართველოში 9 აპრილის შემდგომი პერიოდის ქართველობა დაბრუნდება….

-რამდენი ხნით მიდიხართ?

-ალბათ სულ.

-და მონატრებას რას უზამთ?

-ძნელია-ახლავე მეშინია მაგ მონატრების…

– გეტყობათ, დიდხანს ვერ გაუძლებთ ამ მონატრებას…

-ვნახოთ…

-ერთსაც გკითხავთ, დღეს როცა ასეთი არეული პერიოდია, რატომ თქვენი სათქმელი არ ისმის?

-დღეს ვერავის ვხედავ რომ ნაგროვები ქვები მისთვის დავხარჯო, არ იმსახურებენ უბრალოდ! მოვა დრო და მხოლოდ მე კი არა, ის ადამიანები ერთად იტყვიან, რომლებიც სწორედ რომ საქმეზე და ქვეყნის მომავალზე არიან ორიენტირებულნი…