საქართველო, უკეთესად არის მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად

„დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკეთესად არის  მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვენის დიპლომატიურ აკადემიაში განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ჩვენი ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა.

„საქართველო გაძლიერდა და უფრო სტაბილური გახდა ბოლო წლების განმავლობაში. დღეს, ისე როგორც არასდროს, საქართველო, როგორც სახელმწიფო, უკეთესად არის აღჭურვილი და მომზადებული გარე და შიდა გამოწვევებთან გასამკლავებლად. ჩვენი ეკონომიკა მზარდია, ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერდება, ხოლო ქართველი ხალხის ნდობა ხელისუფლებისა და პროდასავლური პოლიტიკისადმი მნიშვნელოვნად მაღალია“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ისეთ ცხელ რეგიონში მდებარეობს, სადაც არსებული გამოწვევები საკმაოდ რთულია იმისთვის, რომ მარტო გაუმკლავდეს. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება საერთაშორისო მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, პირველ რიგში კი, ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამყარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მისი თქმით, საქართველოს ნამდვილად სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა, თუმცა, ჩვენს ქვეყანას თავადაც შეაქვს საკუთარი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში და ავღანეთსა და ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილით, საქართველო უკვე აღიარებულია, როგორც მნიშვნელოვანი სტრატეგიული აქტივი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მოკავშირეებისათვის.

სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ შეკითხვებს უპასუხა. დისკუსიას მოდერირებას ავსტრიის ევროპული და უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის პრეზიდენტი, ვერნერ ფასლაბენდი უწევდა.

ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლას საქართველოს დელეგაციის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ექსპერტები, პოლიტოლოგები და სტუდენტები ესწრებოდნენ.