გიორგი ვაშაძე – მოგიწოდებთ, ნიკა მელის დაკავებაზე ხელი აიღოთ და დაუყოვნებლივ დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება

პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გუშინ ყველას ერთიანი ძალისხმევით თავიდან ავირიდეთ ძალიან მძიმე კრიზისი, ძალიან მძიმე დაპირისპირება, რომელიც შეიძლება მომხდარიყო. თუმცა დღეს ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური კრიზისი, მძიმე პოლიტიკური ფონი არსად გამქრალა და კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები ყველა მხარის მხრიდან. „ქართულ ოცნებას“ აქვს არჩევანი, დაპირისპირება ან შეთანხმება და თანამშრომლობა. სრულიად ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელი“, მზად ვართ მოლაპარაკებებისა და შეთანხმებისთვის. მთელი ცივილიზებული სამყარო, აშშ, ევროკავშირი – ყველა ჩვენი მხარდამჭერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, ხელი აიღოს მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებისგან, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება. ჩვენმა მეგობარმა ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები უნდა მოიცავდეს იმ ოთხივე მოთხოვნას, რაც ოპოზიციამ თავიდანვე წარადგინა.

„მოლაპარაკებები უნდა შეეხებოდეს ოთხივე საკითხს, რომელიც იყო წაყენებული ოპოზიციის მხრიდან. პირველ რიგში, სამართლებრივად უნდა გადაწყდეს ნიკა მელიას დაკავების საკითხი და იმედი მაქვს, ამ თემაზე აღარც კი ფიქრობს „ქართული ოცნება“. მეორე – დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს გიორგი რურუა და უნდა დამთავრდეს ქვეყანაში პოლიტიკური ანგარიშსწორება. აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს საარჩევნო რეფორმა ისე, როგორც ეს იყო მოლაპარაკების მაგიდაზე. რაც მთავარია, შევთანხმდეთ რიგგარეშე არჩევნების თარიღზე. ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც სრულ ნორმალიზებას მოახდენს ქვეყანაში არსებული უმძიმესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისის.

„კიდევ ერთხელ მივმართავ ღარიბაშვილს, კობახიძეს, ივანიშვილს თუ ნებისმიერ ადამიანს, მეგობრებო, არ არის ახლა ის დრო, როცა ჩვენ უნდა წავიდეთ დაპირისპირების გზით. არ შეიძლება პროცესის გაწელვა, არ შეიძლება მოლოდინის გაწელვა. დაუყოვნებლივ მოგიწოდებთ, ნიკა მელის დაკავებაზე ხელი აიღოთ და დავიწყოთ შეთანხმებისთვის მზადება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.