მომხრე ვარ დეპუტატებს პროვილეგიები შეეზღუდოთ…იქნებ ამ შემთხვევაში აღარც კი გახდეს ასეთი მიმზიდველი დეპუტატის სავარძლის მაძიებლობა

პოლიტიკურ სუბიექტებს საარჩევნო ნომერი უკვე მიენიჭათ და ალბათ წინასაარჩევნო კამპანია კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შევა. კარგია მოსახლეობასთან შეხვედრები, დაპირებები, მაგრამ რატომღაც პარტიების უმეტესობა არ საუბრობს იმ პროგრამაზე, რითიც მოდის. როგორია პარტიების ლიდერების ხედვა კონკრეტულად საზღვრისპირა სოფლებზე და როგორ ესახებათ მათ პრობლემის მოგვარების გზები?

გადავწყვიტეთ მივყვეთ ნუმერაციას და შეძლებისდაგვარად არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტის ხედვა მკითხველამდე მოვიტანოთ.

დღეს საარჩევნო ნომერით #2 პარტიის-პროგრესულ-დემოკრატების ლიდერს, ლაშა სტურუას დავუკავშირდით.

-თქვენი პარტიის საარჩევნო ნომერია 2. ასე რომ ნუმერაციით პირველი თქვენ ხართ, მაგრამ ასეც რომ არ ყოფილიყო, პირველს მაინც თქვენ დაგიკავშირდებიდით, რადგან გავიგეთ, რომ ამ დღეებში აპირებთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან აქციების გამართვას.  რა აქციებია, სად ჩაატარებთ და რა გინდათ თქვათ ამ აქციით?

-ჟურნალისტებს არაფერი გამოგეპარებათ,  დიახ,  ჩვენი მოძრაობა აპირებს ერთგვარ მშვიდობის მარშს ჩვენი თანამოქალაქეების, ძმებისა და დების, აფხაზებისა და ოსებისათვის სიყვარულის და მშვიდობიანი თანაცხოვრების დასადასტურებლად, რაც იქნება ერთგვარი ჟესტი – ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში მათ მიმართ ჩვენი განწყობისა და დამოკიდებულების… ეს არ გახლავთ რაიმე სახის კაპიტულიანტური ნაბიჯი, არამედ ეს არის წარსული 25 წლიანი უშედეგო გამოცდილების ალტერნატივა, რასთან დაკავშირებითაც კანონპროექტიც კი გვაქვს უკვე მომზადებული…

-სწორედ ამ საკითხზე გვინდა დღეს საუბარი, რა პროგრამა გაქვთ კონკრეტულად საზღვრისპირა სოფლებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში?მოკლედ რომ გვითხრათ რაში მდგომრეობს იმ კანონპროექტის არსი, ახლა რომ ახსენეთ,  ძირითადი თეზისები და როგორ აპირებთ მის სისრულეში მოყვანას?

-საერთოდ მოკლედ კანონპროექტზე საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ მე მოგაწვდით კანონპროექტის სათაურს, რაც ვფიქრობ გამოხატრავს კიდეც კანონპროექტის არსსა და სულისკვეთებას და თუ  კიდევ გექნებათ კონკრეტული კითხვები, მზად ვარ გიპასუხოთ.  „აფხაზეთისა და სამაჩაბლოს „სტატუს – ქვოს“ გათვალისწინებით,(სავაჭრო-ეკონომიკური, სამოქალაქო-საზოგადოებრივი,სოციალურ-კულტურული) ურთიერთობების აღდგენისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა – განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“!-ასე ჰქვია ამ კანონპროექტს.

-ეს უფრო ზოგადია, თუ აპირებთ გაეცნოთ თითოეული ოჯახის, თითოეული სოფლის პრობლემას და ხალხთან ერთობლივად შეიმუშავოთ მდგომარეობიდან გამოსავალი?

-რა თქმა უნდა, მოკლედ გეტყვით იმას,რომ ჩვენ მთელი ჩვენი პოლიტიკური პლსატფორმა სწორედ ამ მეთოდით, საზოგადოდოებასთან კონსულტაციის შედეგად შევქმენით და შესაბამისად ბუნებრივია არც ამ მიმართულებით ვაპირებთ ვუღალატოთ დანერგილ ტრადიციას, რაც გარწმუნებთ ყველაზე ეფექტური გზაა რათა ხელი გედოს საზოგადოების მაჯისცემაზე, რაც არის კიდეც პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალის პირდაპირი მოვალეობაც… ჩვენ კი სწორედ ასეთ პოლიტიკურ ძალად მივიჩნევთ თავს…

-ბოლოს ერთი კითხვა მინდა დაგისვათ, ეს თემასთან არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ საინტერესოა თქვენი როგორც არჩევნებში მონაწილე პარტიის ლიდერის და როგორც მოქალაქის აზრი-როგორ ფიქრობთ, დეპუტატს რომ ამხელა ხელფასი არ ჰქონდეს და მერე მთელი ცხოვრება პენსია, ასეთი ბრძოლა იქნებოდა პარლამენტში მოსახვედრად?

-ვფიქრობ, რომ დეპუტატს ხელფასიც მაღალი უნდა ჰქონდეს და შესაბამისად პენსიაც, რათა მას ხელი არ წაუცდეს კორუფციულ გარიგებებზე, მაგრამ ეს იმ შემთხვევაშია ალალი მასზე,როდესაც ის საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებს… სხვა საკითხია, რამდენად ეხებათ ეს მოქმედ თუ წარსულში მყოფ დეპუტატებს და ასევე საკითხავია, რამდენად კმაყოფილდებიან დეპუტატები ხელფასით… დეპუტატის მანდატს, ხომ უამრავი სხვა პრივილეგია მოაქვს, მათ შორის “თეთრი საყელოს” პრინციპზე დაყრდნობით… ასე, რომ მომხრე ვიქნებოდი კანონმდებლობით ეს პრივილეგიები შეიზღუდოს და დეპუტატმა იცოდეს, რომ პარლამენტში იმიტომ მიდის,რომ საზოგადოებას ესმსახუროს და არა საზოგადოება იმსახუროს, იქნებ ამ შემთხვევაში აღარც კი გახდეს ასეთი მიმზიდველი დეპუტატის სავარძლის მაძიებლობა და იქ მხოლოდ ის ხალხი წავიდეს, ვისთვისაც საზოგადოების მსახურება მოწოდებაა…

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება