რატომ ვერ გაეკარება 23 წლამდე ადამიანი კაზინოს, ტოტალიზატორსა და ონლაინ თამაშებს

23 წლამდე ახალგაზრდებს შესაძლოა, აზარტული თამაშები აუკრძალონ. ასკობრივი ცენზი შეეხება როგორც ტოტალიზატორებსა და კაზინოებს, ასევე ონლაინ თამაშებსაც.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოთამაშეთა რეესტრის შექმნა იქნება. სოციოლოგების ნაწილი პრინციპულად მოითხოვს, რომ ონლაინ კაზინოებისთვის რეგულაცია ძალიან მკაცრი გახდეს.

რაც შეეხება კონკრეტულად ასაკობრივ ზღვარს, არსებობს მოსაზრება, რომ იგი რაც შეიძლება გაიზარდოს და 27 წლამდე განისაზღვროს. არის სხვა მოსაზრებაც, რომლის მიხედვითაც, აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა მოქალაქის შემოსავლებზე უნდა იყოს დამოკიდებული.

სანამ პარლამენტი ახალ კანონპროექტს მიიღებს, გარკვეულ საკითხებს ფინანსთა სამინისტროსთან შეაჯერებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, კანონპროექტი ითვალისწინებს ასაკობრივი ცენზის განსაზღვრას, რომელზე მუშაობაშიც საქართველოს საპატრიარქოც ჩართულია.

“საპატრიარქო ითხოვს, ასაკობრივი ცენზი განისაზღვროს 23-24 წლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 22 წელი ოპტიმალურია. საქართველოში თითოეულ თეთრს მნიშვნელობა აქვს, მოქალაქეები სამუშაო ადგილებით განებივრებული არ არიან და, ხშირ შემთხვევაში, ეს აზარტული თამაშები ოჯახებისთვის პრობლემაა”, – განმარტავს გოგიჩაიშვილი.

სოციოლოგების მოსაზრებით, ქვეყანაში საერთოდ უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები, მაგრამ თუ მაინც დაუშვებენ, მოთამაშეთა ასაკი მკაცრად უნდა განისაზღვროს. რამაზ საყვარელიძის აზრით, 27 წლამდე ახალგაზრდებს კაზინოებსა და ტოტალიზატორებზე წვდომა მაქსიმალურად უნდა შეუზღუდონ. რაც შეეხება ონლაინ თამაშებს, საყვარელიძე ფიქრობს, რომ ამ ნაწილში შესაძლოა, კანონპროექტმა რეალურად ვერ იმუშაოს.