100 წელს მიტანებულმა მოხუცმა თქვენთან დამაბარა….

-“მე ახლა ისეთ ასაკში ვარ, რომ იტყვიან, ტყუილიც კი დამეჯერება”-ასე დაიწყო ჩემთან საუბარი 100 წელს მიტანებულმა ბატონმა ვარლამ ჯანელიძემ-“ორი წლის შემდეგ  ერთი საუკუნის გავხდები, რა არ მინახავს, რა არ გადამიტანია, დალხინებაც მახსოვს და გაჭირვებაც, შუღლიც, ბოროტებაც, სიკეთეც და სიხარულიც. რა ზნისა და ბუნების ადამიანი არ შემხვედრია. იყო დრო, ერთი მტკაველი მიწის გულისთვის, ძმა ძმას სასიკვდილოდ იმეტებდა, ახლა კი ან უპატრონოდ არის მიტოვებული ან პატრონი ჰყავს, მაგრამ დაუმუშავებელია და ეკალ-ბარდებს მიაქვს, ან კიდევ უფრო უარესი-უცხოელი ეპატრონება და ის იყენებს ქართულ მიწას…

ხალხიც შეიცვალა, რომ ვუყურებ უფრო საკუთარ ნაჭუჭში ჩაიკეტა და ნაკლებად ადარდებს სხვისი დარდი და არც სხვისი სიხარულის გაზიარება უნდა. ქვეყანაც შეიცვალა, ერიც და ბერიც…კაცი კაცს აღარ ჰგავს და ქალი – ქალს…ამ ახალგაზრდებს ხომ ქართული არაფერი უნდათ. ილია ჭავჭავაძე არ იციან და მაიკლ ჯექსონს მისტირიან, ხო, ხო, რას გეღიმება, გგონია მე არ ვიცი ვინ არის ჯექსონი? კი ვიცი, მაგრამ არ მომწონს მისი სურათებით რომ აქვთ აჭრელებული ოთახები ბავშვებს…ეს ქალები ხომ ნუ იტყვი, საკუთარი ნათესავი არ მოუკითხიათ წლებია, მისი არც კარგი იციან, არც ცუდი და ვიღაც ხორხე თუ ხოსე ანხელის ბედი აწუხებთ…ძროხამ ბღავილით თავი რომ მოიკლად და რძე ადგილზე დაღვაროს, სანამ სერიალები არ მორჩება, ქალები ოთახიდან ცხვირს არ ყოფენ…ხანდაზმულები კიდევ ხო, მაგრამ ეს ახალგაზრდა გოგოები რამ გაამწარათ ასე ამ თურქებზე, გამსახურდია და ამირეჯიბი არ აქვთ წაკითხული და იმ ჟურნალს, სერიალის გმირმა თავი რომ მოიკლაო რომ წერია, ხელიდან სტაცებენ ერთმანეთს და კითხულობენ…

-პოლიტიკურ ვითარებაზე რას იტყვით?

-ხოო, ბევრს კი ვიტყვი, მაგრამ გამგონი ვინ იქნება? ან ვის რაში აინტერესებს 100 წელს მიტანებული ბერიკაცის აზრი (იცინის), ისე, ტრაბახში არ ჩამითვალო, ბაბუდა ბევრ ჩვენს პოლიტიკოსსზე უკეთ შემიძლია ლაპარაკიც, აზრის დალაგებაც და საკითხის განხილვაც. აბა ზოგიერთი აქ ამოკრავს, იქ ამოკრავს, სიტყვას გადაყლაპავს და ისე გადახტება სხვა თემაზე, ვერც კი გაიგებ რისი თქმა უნდოდა და რატო გამოვიდა ტელევიზორში…მარტო მე კი არა, საღამოობით სოფელში ხალხი რომ გამოდის და საუბრობს, იმათ უნდა უსმინოთ…მაგრამ ახლა მე რომ პოლიტიკაზე ვილაპარაკო იცი რას დაემსგავსება-დუმბაძის ილიკო და ილარიონი რომ ლაპარაკობენ-მერე იაპონიამ რაო-აი, იმას. პური მეპურემ უნდა დააცხოს, მაგრამ როგორც ვხედავ მეპურეს სანთლით გაგვიხდა საძებარი და საცხობი პურიც…ხოდა რად მინდა ახლა პოლიტიკაზე ლაპარაკი, უჩემოდაც ბევრი მოლაპარაკე ჰყავს…

-ახალგაზრდების არაფერი მოგწონთ?

-რას ამბობ, მომწონს, უფრო განათლებულები არიან, მე წიგნს ძლივს ვშოულობდი, კონსპექტებს ვწერდით, ახლა კი იმდენი საშუალება აქვთ, რომ კარგი განათლება მიიღონ და არიან კიდეც განათლებულები, უფრო თავისუფლები არიან, მომწონს თავიანთ აზრს თამამად რომ გამოთქვამენ…ბევრი რამ მომწონს…

მე რა მინდა, იცი, ბაბუ? ერთი რამ მინდა ხალხს გადასცეთ – სიყვარული, სიკეთე და ერთმანეთის გატანა გადაგვარჩენს მხოლოდ და ეს ასწავლეთ ბავშვებს, სინდისი არ უნდა დაკარგოს ადამიანმა, სინდისი თუ დაიკარგა, იქ ყველაფერი იფერფლება. მე რომ უფლება მქონდეს, განათლების მინისტრს ვთხოვდი, ეს ლექსი სასკოლო პროგრამაში შეეტანა, რომ სკოლის მერხიდან მიეჩვივნონ ბავშვები სინდისიერებას, ბრძოლისუნარიანობას, მოძმის სიყვარულს და სიკეთის დაფასებას. ისწავლიან, რომ ქვეყანაში თავისი კვალი უნდა დატოვონ-სასარგებლო კვალი…

-„რომ დამჯაბნოს შავმა დღემ,

მზე ვერ ჩამიქროს ბინდმა,

და ცის ლაჟვარდში ავმაღლდე,

ვით თეთრი ნიკორწმინდა,

ქვეყნად არ დავალ უკვალოდ,

ყველას სიკეთე მინდა,

 მე კაცთა სინდისს ვუგალობ

ქვეყნის გაცნობის დღიდან!..“

  მერე თბილად გამიღიმა და აქ ჩვენი საუბარიც დასრულდა, რადგან პატარა ბოჩოლა მოვიდა და „მშიაო“ პატრონს “დაუძახა“.

ქეთი მიქაძე

კომენტარის დატოვება