მერიაში ბევრი სისტემური ხარვეზია-ოპოზიცია ნარმანიას საკრებულოში იბარებს

   თბილისის საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენლები დედაქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ. ოპოზიციის განცხადებით,  დავით ნარმანიამ მოსახლეობას თბილისში გამწვანების კუთხით არსებულ ვითარებაზე ანგარიში უნდა წარუდგინოს. სწორედ ამიტომ, 25 აგვისტოს თბილისის მერს საკრებულოში იბარებენ. დეპუტატებს დედაქალაქის მერთან კითხვები ყაზბეგის 24 ნომერში, ხეების უკანონოდ გაჩეხვის ფაქტთან დაკავშრებით აქვთ.

„45 ხის მოჭრაზე ისე გაიცა ნებართვა, რომ ისინი უბრალოდ ერთი ადამიანის საექსპერტო დასკვნას ენდნენ. ქალაქში გამწვანების პრობლემა მართლაც მწვავედ დგას, ამ მიმართულებით გადასადგმელი ძალიან ბევრი ნაბიჯია, ამიტომ ამ საკითხებზე, ჩვენ, დავით ნარმანიას, ჩვენ ოპოზიციონერ კოლეგებთან და სხვა ფრაქციებთან ერთად ვიწვევთ სხდომაზე, ის ვალდებულია თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად გამოცხადდეს“-განაცხადა  ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი  აბესაძემ.

ფრაქცია ”რესპუბლიკელების” სახელით დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ყაზბეგის გამზირზე ხეების მოჭრა არ არის ერთადერთი ფაქტი და ამ მიმართულებით ბევრი პრობლემაა.

დავით ნარმანიას საკრებულოში დაბარების განცხადებას საკრებულოს 4 ფრაქცია აწერს ხელს. ესენი არიან: ”ნაციონალური მოძრაობა” „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“, ფრაქცია ”რესპუბლიკელები”, ფრაქცია ”გაერთიანებული დემოკრატები” და დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი.

კომენტარის დატოვება