კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მშენებლობას მიესალმება, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მწვანე სივრცეების ხარჯზე.

„გუშინ კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ დაიწყეს უკანონო მშენებლობა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ზედამხედველობის სამსახურში შემოვიდა ზარი და მაშინვე მოხდა რეაგირება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არსებობს პრინციპები, რომელსაც არ უნდა გადავაბიჯოთ. ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ქალაქში გვაქვს მწვანე სივრცეების პრობლემა. სახეზეა ყველაფერი ის, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხდებოდა დედაქალაქში. ვფიქრობ, ამ რეალობის გამოსწორება მერიამ, მოსახლეობამ და დეველოპერებმა, ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. ეს კონკრეტული პროექტი უნდა განხორციელებულიყო მწვანე სივრცეში, ფოტომასალაც არის, მწვანე ზონაში ჰქონდათ მშენებლობის ნებართვა. ჩვენ გავაბათილეთ აღნიშნული ნებართვა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაზარალდეს მესაკუთრე, რომელიც არის ამ ფართის კეთილსინდისიერი მყიდველი. შესაბამისად, საქმის მოგვარება უნდა მოხდეს ცივილურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამშენებლო სექტორს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, ამასთან, აღნიშნა, რომ დედაქალაქში მწვანე სივრცეები მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს.