ხაჯიმბამ და ასადმა ხელი მოაწერეს „მეგობრობის და თანამშრომლობის შეთანხმებას“

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ და სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ხელი მოაწერეს „მეგობრობის და თანამშრომლობის შეთანხმებას.“ მხარეების თქმით ხელმოწერილი შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სირია-აფხაზეთის ურთიერთობებში.

რაულ ხაჯიმბამ სირიაში ვიზიტს ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა უწოდა. დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებით, სირიის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება გაბედული ნაბიჯი იყო, რადგან აშშ და დასავლეთი ყველაფერს აკეთებენ სირიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.

ბაშარ ასადმა რაულ ხაჯიმბას გადასცა სირიის უმაღლესი ჯილდო, „უმაიადის ორდენი.“ საპასუხოდ, ხაჯიმბამ ასადი დააჯილდოვა „პატივის და დიდების პირველი ხარისხის ორდენით.“