ნიკა ბირკაძე მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია – ვულოცავთ!

მომავლის ხმა

საქართველოს ინფორმატიკის ნაკრების მწვრთნელები სოციალურ ქსელში წერენ, რომ კომაროველმა ნიკა ბირკაძემ, რომელიც მეათე კლასის მოსწავლეა, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ჩათვლაში მეოთხე შედეგი აჩვენა.

-დამთავრდა მეორე ტური. ჩვენს ნაკრებმა 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ოქროს მედალოსნები ნიკა ბირკაძე და გიორგი კლდიაშვილი არიან. ეს ყველა შემთხვევაში ჩვენი ნაკრების წარამტებული გამოსვლების ისტორიაში საუკეთესო შედეგია 🙂 ჩვენი გამარჯვებულები 342 მონაწილეს შორის 16 საუკეთესოში მოხვდნენ, ხოლო ნიკა ბირკაძე მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია 🙂 ერთ ამერიკელთან და ორ ჩინელთან ერთად. მან სულ ახლახანს დაამთავრა მე-10 კლასი და დარწმუნებული ვარ, წინ კიდევ ბევრი წარმატებები ელის :). ნაკრების ოთხივე წევრი კომაროველია… ვულოცავ კომაროვის სკოლას ამ დიდ წარმატებას. ასევე ვულოცავ “მზიურს”, სადაც ისინი ასევე სერიოზულად ემზადებიან, ხოლო ზოგი მათგანი კი პატარა ასაკიდანვე. მთელ საქართველოს ვულოცავ ამ უდიდეს წარმატებას. ვულოცავ ყველას, ვისაც სულ მცირე წვლილი მაინც აქვს შეტანილი ამ მიღწევაში, მათ შორის ჩვენს ყოფილ ოლიმპიელებს. მადლობა ყველას გულშემატკივრობისათვის, რომელსაც მუდმივად ვგრძნობდით. ზეგ იქნება დაჯილდოვება და დახურვა, რის შემდეგაც ფოტომასალასაც მოგაწვდით 🙂 და საბოლოო “პოსტსაც” 🙂 დავდებ – წერს გოჩა მანდარია.

საქართველოს ნაკრებმა სულ 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ბირკაძესთან ერთად ოქროს მედალოსანი გახდა კიდევ ერთი კომაროველი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც 342 მონაწილეს შორის 16 საუკეთესოში მოხვდა. ნიკა ბირკაძე კი მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია ერთ ამერიკელთან და ორ ჩინელთან ერთად.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოს რიგით 30-ე ოლიმპიადა ინფორმატიკაში.