“ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის”

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, ნინო ბურჯანაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. განცხადება ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„ვაცხადებ, რომ არ ვაპირებ ივანიშვილის მიერ დადგმულ ფარსში მონაწილეობის მიღებას და ჩემი თანამოაზრეების ამ ფარსში ჩართვას. დღეიდან ვიწყებთ ბრძოლას საპარლამენტო არჩევნებისათვის და ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ხელისუფლებაში მოსვლისთვის არა იმ მიზნით, რომ საკუთარი სურვილები და ინტერესები განვახორციელოთ, როგორც ამას დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილი აკეთებს, არამედ ხელისუფლებაში მოსვლისთვის ვიბრძოლებთ იმ მიზნით, რომ შევცვალოთ ის დამამცირებელი ოლიგარქიული მმართველობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ჩამოყალიბდა. უნდა დავუბრუნო ჩემს ქვეყანას ღირსება და ნორმალური განვითარების პერსპექტივა. ამისთვის აუცილებელია ეს ფარსი გავატაროთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე, რომ არ ფარსში მონაწილეობა არ მივიღოთ და ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დღეიდან შეიქმნას ისეთი ძალა, რომელიც ქართველი ერის ამ დამცირებას ბოლოს მოუღებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ ბრიფინგზე პრეზიდენტის ინსტიტუტის შესახებაც ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ამ ინსტიტუტის მიზანმიმართულ ნგრევაზე საზოგადოებას პროტესტი არ გამოუხატავს. საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ აღნიშნული ქვეყანას ასუსტებდა და მხოლოდ ოლიგარქის ძალაუფლებას აძლიერებდა. პრეზიდენტის ინსტიტუტი დღეს არის არა ქვეყნის, არამედ ივანიშვილის სურვილების განხორციელების სიმბოლო. ემსახურება ერთი ადამიანის და მისი ახლობლების კომფორტულ გარემოში ცხოვრებას”, – თქვა ნინო ბურჯანაძემ.