სატრანსპორტო პოლიტიკა და ზონალური პარკირება – როგორ აპირებს მერია საცობების განტვირთვას

თბილისის მერია უახლოეს პერიოდში წარადგენს ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის გეგმას, უკვე მომზადებულია ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც პარლამენტში უახლოეს დღეებში გადაიგზავნება. აქვე გეტყვით, რომ პარკირების ახალი მოდელი ძალაში სავარაუდოდ 2019 წლის იანვრიდან შევა.

დღეს ქვეყანაში 1200000 ავტომობილია, თბილისში კი საქართველოში რეგისტრირებული მანქანების 36% მოდის. ქალაქში უსაშველო საცობებია, სწორედ საცობების განტვირთვის მიზნით თბილისის მერია განიხილავს  გეგმას, თუ როგორი უნდა იყოს თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკა.

მერიის გათვლებით, სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას ხელს ცენტრალურ და ყველაზე გადატვირთულ ქუჩებზე პარკირების ახალი პოლიტიკის შემოღება შეუწყობს. ეს გულისხმობს ქალაქის ზონებად დაყოფას და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას.

უფრო კონკრეტულად, მაგალითად, თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით მიდის და მანქანის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებაში საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც  – შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა და საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან სულაც ფეხით მივიდეს.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის 50 ლარის გაუქმებას.