დიდი ალბათობით პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში ბრუნდება

მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს, თუმცა ეს მას შემდეგ მოხდება რაც პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს დაამტკიცებს და ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, ასე რომ, შესაძლებელია საგაზაფხულო სესია უკვე თბილისში გაიხსნას.

საკითხი საკანონმდებლო ორგანოში ისევ აზრთასხვადასხვაობის მიზეზი გახდა.

რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. არსებული ინფორმაციით, შს სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის, საინფორმაციო ცენტრ 112-ის განთავსებას აპირებს.

აღსანიშნავია ის, რომ ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება, პარლამენტის მდებარეობა არ არის განსაზღვრული. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი რეგლამენტით განისაზღვრებოდა.