ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით თამბაქოს კონტროლი და პრევენციული ვიზიტები იზრდება

თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე იმსჯელეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის მიმდინარეობის თაობაზე ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მე-9 სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კობერიძე უძღვებოდა.

 

ლევან კობერიძის განცხადებით, საბჭოს წევრების მორიგი შეკრების მიზანია, ერთობლივად დასახონ გზები იმისათვის, რომ  კანონი გახდეს კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი აღსრულებაში.

 

„ეს არის ის კანონი, რომელიც 96%-იანი აღსრულებით არის დღეისათვის წარმოდგენილი. კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 1 მაისს შევიდა, სექტემბრიდან კი ძალაში შევიდა ის დამატებითი მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომელიც თამბაქოს შეფუთვას,  სავაჭრო ქსელში განთავსებას და  სხვა საკითხებს ეხება“, – განაცხადა ლევან კობერიძემ და კომიტეტის სახელით მადლობა გადაუხადა აღმასრულებელი ხელისუფლების ყველა იმ უწყების წარმომადგენლებს, რომელთა კვალიფიციურობის და ძალისხმევის შედეგად, კანონის აღსრულებაში უკვე ასეთი კარგი მონაცემებია.

 

მისივე თქმით, ეს ეხება როგორც ფინანსთა, შინაგან საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, განსაკუთრებით საპატრულო პოლიციას, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც თავიანთი აქტივობით ცდილობენ, რომ ხელი შეუწყონ კანონის აღსრულებას და ერთგვარ კონტროლს ახორციელებენ. ასევე მედიას, რომელიც მონდომებით და პროფესიონალურად აშუქებს საკითხებს. ერთობლივი მონდომებით და მუშაობით მიღწეული შედეგი იმის დასკვნის საშუალებას იძლევა, რომ თუ ასე გაგრძელდება, უახლოესი 15 წლის განმავლობაში დაახლოებით 53 ათასი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნება შესაძლებელი, ამასთანავე ის ეკონომიკური ეფექტი, რომელიც ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს, არის დაახლოებით 3,5 მილიარდი ლარით შემცირება იმ დანახარჯების, რომლებიც თამბაქოსგან გამოწვეულ პრობლემებთანაა კავშირში.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ლაგვილავამ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ  მამუკა წერაშვილმა, საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ  ისაუბრეს კანონის აღსრულების  კუთხით მათი უწყებების მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და აქტივობებზე, მიღწევებზე  ასევე იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც ამ სფეროს წინაშე  დგას და რომელთა გადაჭრას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რათა თამბაქოს მოხმარებაზე სრულფასოვანი კონტროლი საბოლოოდ განხორციელდეს.

 

თამბაქოს კონტროლის სფეროში ტექნიკური დახმარების მისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის  საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ.

 

სხდომაზე  წარმოდგენილი იქნა კანონის დანერგვის პროცესში გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა, პრობლემებისა და რეაგირების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე ის მიღწევები, რაც კანონის დანერგვამ მოიტანა. მომხსენებელთა შეფასებით, განხორციელებული სამუშაოები ცხადყოფს, რომ მოსახლეობა ძირითადად მაღალი შეგნებით უდგება თამბაქოს აკრძალვის კანონს და ცდილობენ რომ არ დაარღვიონ იგი. თუმცა გარკვეული  გამონაკლისებიც შეიმჩნევა. მათი განცხადებით, გამოიკვეთა ორი პრობლემა, რომლებიც სლოტკლუბებს და არასრულწლოვნებს უკავშირდება.

 

სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების თანახმად, იმისათვის, რომ კანონის დანერგვის პროცესი კიდევ უფრო წარმატებით წარიმართოს, მნიშვნელოვანია სამთავრობო უწყებების კოორდინირებული თანამშრომლობა, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობის გაძლიერება საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლების მიზნით.

 

სხდომის მონაწილეთა მიერ გამოთქვა წინადადებები და მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად დაედება საბჭოს რეკომენდაციებს.

 

შედეგების შეფასებისას, როგორც ლევან კობერიძემ აღნიშნა, მიესალმებიან  აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ შსს-ს, ფინანსთა სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობას და თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის დანერგვის სფეროში მიღწულ პროგრესს და იმედს გამოთქვამენ, რომ უზრუნველყოფილი იქნება მათი აქტივობის და, შესაბამისად, კანონის დაცვის მდგრადობა.

 

გამოითქვა მოსაზრება, რომ საჭიროა:

 

2019 წლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის პროგრამის თამბაქოს კონტროლის კომპონენტის დაფინანსების უზრუნველყოფა;

ზამთრის პერიოდის დადგომასთან დაკავშირებით, შესაძლო დარღვევების ზრდის პრევენციისათვის შსს-მ გაზარდოს პრევენციული ვიზიტების რაოდენობა, ჯანდაცვის სამინისტრომ მონიტორინგი და საზოგადოების ინფორმირება;

ჯანდაცვის სამინისტრომ გააძლიეროს სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების კონტროლი და მოახდინოს რეაგირება დარღვევების შესახებ ზარებზე;

დარღვევების სიხშირის და ხასიათის მიხედვით მოხდეს მაღალი რისკის დაწესებულებათა გამოყოფა, მათი ინფორმირების გაზრდა, მონიტორინგის და მათზე კონტროლის გაძლიერება;

სპეციალური გეგმის შემუშავება განმეორებითი დარღვევების აღმოსაფხვრელად;

ელექტრონული სიგარეტების და თამბაქოს სხვა ახალი ნაირსახეობების ინტერნეტით, ტელევიზიებით და ჟურნალებით არაპირდაპირი რეკლამის შემთხვევებზე რეაგირება;

კაზინოებში მოწევის აკრძალვის საკითხის განხილვა და სხვა.