ყიფიანმა საზოგადოებასა და ოჯახს ბოდიში მოუხადა

ლევან ყიფიანის დაკითხვა დასრულდა, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ყიფიანმა ვრცელი განცხადება გააკეთა. მან მიმდინარე მოვლენების გამო საზოგადოებასა და ოჯახს ბოდიში მოუხადა.

როგორც ყიფიანი ამბობს,  “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა მას შესთავაზა ფარული ჩანაწერების გაკეთება, რადგან ეს ჩანაწერები მას ვალის ჩამოსაწერად  სჭირდებოდა. ყიფიანი იმასაც აცხადებს, რომ ოქუაშვილი ჩანაწერებს წარადგენდა უცხოეთში და განაცხადებდა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.

-„ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი როგორც სახელისუფლებო ისე ბიზნესის წარმომადგენლობასთან რათა მომეხდინა კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვა.

რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხდებოდა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ალბათ ეს შეიძლება იყოს სასაცილოც კი, ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულში, მან მთხოვა ბოლო შეხვედრისას მივსულიყავი მასთან და დამიხატა ასეთი სურათი: რადგან ვიცი ბიზნესწნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან ამიტომ მან გადაწყვიტა დაეხატა ასეთი სცენარი, ჩვენ ჩაგვეწერა ერთობლივად მაკომპრომატირებელი მასალა, ის მპირდებოდა რომ ეს იყო მისის შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში რათა დაერწმუნებინა,რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა მისის დავალიანებების რომელიც მას გააჩნდა ასევე უცხოელ პარტნიორებთან გადავადება. შესაბამისად ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოში, ამის გამო ის მომელაპარაკა…

ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად.

ამის შემდგომ მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი და ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს არ ვიცი იყო ჩემი მიამიტობით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს…მივიღე თამაშის წესები, მივიღე გამოწვევა, განვახორციელეთ ერთობლივად, მაგრამ მთელი უბედურება ის არის რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ ის ჩანაწერებიც დამონტაჟებულია“- განაცხადა ყიფიანმა.

ყიფიანმა ისაუბრა  4 მილიონის ბანკიდან გატანაზეც და დაადასტურა, რომ ის ბანკში ნამდვილად იმყოფებოდა, განაცხადა ისიც, რომ თანხის გატანაც მოხდა, მაგრამ სად წავიდა ეს თანხა არ იცის. ყიფიანის თქმით  მას არანაირი ფინანსური ინტერესები არ ჰქონია.

შეგახსენებთ:

ლევან ყიფიანმა სასამართლოს ჩვენება “ომეგა ჯგუფის” საქმესთან დაკავშირებით მისცა.  საუბარია სკანდალურ ჩანაწერებზე, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ფიგურირებს და რომელიც კომპანიის სავარაუდო რეკეტში შუამავლის სახით არის ჩართული.   ჩანაწერებში მოხსენიებულები არიან შს მინისტრი გიორგი გახარია და ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ სავარაუდოდ ლევან ყიფიანზე ოთარ ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკურად იძალადა და მას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ.