ზვიად გამსახურდიას შვილები პროკურატურასთან შიმშილობას იწყებენ

ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიების შესაძლო შეწყვეტის გამო მთავარი პროკურატურის მისაღებში შიმშილობის დაწყებას აპირებენ. ინფორმაციას ცოტნე გამსახურდია ფეისბუქზე ავრცელებს.

-“14 დეკემბერს, მე და ჩემი უფროსი ძმა, კონსტანტინე, ვიწყებთ შიმშილობას მთავარ პროკურატურასთან, ამ ბოროტების ბუნაგთან, ვითხოვთ ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიებას და მკვლელის დასჯას.

მოგეხსენებათ, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე 2018 წლის 31 დეკემბერს გადის 25 წლიანი ხანდაზმულობის ვადა, და რადგან ამ პერიოდის განმავლობაში პროკურატურას ფაქტობრივად ბრალდებული არ ჰყავს, საქმე დაიხურება. სინამდვილეში, საქმეში არის უამრავი მამხილებელი მასალა, გამოკვეთილია ამ საქმის ორგანიზატორები და მკვლელი, საბჭოთა კაგებეს სტაჟიანი თანამშრომელი! მაგრამ პროკურატურა საოცარი პასიურობით და უნიათობით ცდილობს ხსენებული ვადის გაწელვას და მეორე მხრივ, გააფთრებული გვეწინააღმდეგება ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრებს, ნაცვლად აუცილებელი საგამოძიებო ქმედებების ჩატარებისა!

რატომ არ იძიებენ საქმეს? ლოგიკურია, რომ დამნაშავეებს ხელს აფარებენ! მკვლელის პასუხისგებაში მიცემას, როგორც ბანქოს ამოწევას წყებიდან, წამოჰყვება ფიგურანტების მთელი ბანდა, ქართველი მოღალატეების და რუსული სპეცსამსახურების კვალი და როლი საქართველოს პირველი, დამოუკიდებლობის გამომცხადებელი პრეზიდენტის მკვლელობაში. სწორედ ამას ფარავს აფერისტი ბიძინა ივანიშვილი და მისი ჯიბის პროკურატურა!

დღეს ჩვენს ოჯახს და მე ძალიან გვჭირდება მათი გვერდში დგომა, ვისთვისაც სულერთი არ არის სამართლისა და სიმართლის ბედი ამ ქვეყანაში, მისი დამოუკიდებლობა, მისი სწორი განვითარება, რასაც ვერ ვეღირსეთ სწორედ ამდენი წლის სიმახინჯის გამო. ვერ ვეღირსეთ იმიტომაც, რომ სამართალი აქ მმართველი კლასის მოღალატური პოლიტიკის მძევალია! მადლობა მათ, ვინც თავს შეიწუხებთ. თუმც ხვეწნას ნამდვილად არ ვაპირებ და მარტოც რომ დავრჩე, ბრძოლას გავაგრძელებ, რათა საკუთარ სინდისთან და ამ ქვეყნისთვის დაღუპულთა ღვაწლთან ვიყო მართალი!

შიმშილობის დაწყებას და პროტესტს ადასტურებს კონსტანტინე გამსახურდიაც.

“დღემდე არსებულმა ხელისუფლებებმა და კონკრეტულად დღევანდელმა ხელისუფლებამ ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმე მოიყვანეს იმ კრიტიკულ წერტილამდე, როდესაც იგი შეიძლება სულ რაღაც 2 კვირაში, 31 დეკემბერს დაიხუროს ხანდაზმულობის გამო. დიახ, კანონით ასეა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საკმარისი სამხილები მაშინდელი, ჯერაც საბჭოთა KGB-ს კადრებით დაკომპლექტებული, ფორმით ქართული, შინაარსით კი რუსული სპეცსამსახურების იმ კადრების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ზვიად გამსახურდიას დევნასა და მკვლელობაში, საქართველოს პროკურატურას საქმის გაწელვის გარდა არაფერი ქმედითი არ გაუკეთებია დღემდე.

ახლაც დაიბარეს ასეთივე კალიბრის კონკრეტული მაღალჩინოსანი, რომელიც გამოკითხვისას რასაკვირველია ყველაფერს უარყოფს, თავად საგამოძიებო უწყება კი ვერ ბედავს კრიტიკულად შეხედოს ან ეჭქვეშ დააყენოს მისი ჩვენების სისწორე. უნიათობა თუ რეაგირება პოლიტიკური ნების არარსებობაზე? ისმის კითხვა. ალბათ ერთიც და მეორეც, არის პასუხი.

დღესაც, პროკურატურაში მოსულთ იგივე სიტუაცია დაგხვდა, ამიტომაც ვაცხადებთ შიმშილობას პროტესტის ნიშნად მთავარი პროკურატურის მისაღებში, რათა ბოლოსდაბოლოს სამართალი აღსრულდეს. უშუალოდ მკვლელის, ასევე მკვლელობაში ჩართული პირების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას! ასევე შევიდეს ცვლილება ორგანულ კანონში, რათა განსაკუთრებულ შემთხვევებს არ შეეხოთ ეს ხანდაზმულობა. იძულებული ვარ გადავდგა ეს ნაბიჯი მიუხედავად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობისა”