ინაუგურაცია? სოფელს სხვა საზრუნავ-საფიქრალიც ბევრი გვაქვსო…

დავით დოლიძე

-დღეს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ბორბალოს მოსახლეობას გავესაუბრე.

ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ არც კი იცოდა, რომ დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია უნდა გამართულიყო. იმისდამიუხედავად რომ მთელი დღის განმავლობაში ქვეყანაში დაძაბულობა პიკს აღწევდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ბორბალოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცოდა რით იყო ეს გამოწვეული.

კითხვაზე, იციან თუ არა რომ დღეს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციაა, უდიდესი ნაწილი გვპასუხობს რომ არა. ალბათ ეს გასაკვირიც არაა, რადგანაც საქართველოს უკვე მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, არჩევნებზე ამ სოფელში პირველი და მეორე ტური ერთნაირად დიდი სხვაობით დათმო.

28 ოქტომბრის არჩევნებზე მან ბორბალოს 11-ე საარჩევნო უბანზე 75 ხმა აიღო 113-ის წინააღმდეგ, ერთი თვის შემდეგ, 28 ნოემბრის არჩევნებზე კი 81 ხმა 107 ხმის საპირწონედ. სწორედ ასეთ შედეგს უნდა უკავშირდებოდეს არჩევნების პირველი ტურის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის სტუმრობა სოფელში და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გაცნობა, უკვე მერამდენედ! ბორბალოელებმა ნაგვის ურნების დადგმა მოითხოვეს და გაფუჭებული გზის რეაბილიტაცია. მართალია მეორე ტურისთვის სოფელში ურნებიც გამოჩნდა და გზაც ალაგ-ალაგ მოაპირკეთეს, მაგრამ ამან მაინც ვერ უშველა მმართველი გუნდის რჩეულ კანდიდატს და მეორე ტურშიც მარცხი იწვნია, ხოლო მათ ვისაც ზურაბიშვილისთვის ხმა არ მიუცია, ბუნებრივია მისი ინაუგურაციის თარიღიც ნაკლებად აინტერესებს და მოწვეული სტუმრების სიაც.

სოფელში მცხოვრებთ სხვა საზრუნავ-საფიქრალიც ბევრი აქვთ. რამდენიმე მათგანმა პირად საუბრებში გულისწყვეტით შემგვჩივლა ზურაბიშვილი პირადად ჩემი პრეზიდენტი არ არის და ვერც გახდებაო, მაგრამ საკუთარი სახელის და გვარის საჯაროდ აფიშირებას მაინც მოერიდა, გასაგები მიზეზებისდა გამო. ბუნებრივია მათ ოპოზიციის შესახებაც ვთხოვეთ ორიოდე სიტყვა.

ადგილობრივთა დიდი ნაწილი სწორედ მთავარი ოპოზიციური გაერთიანების მხარდამჭერია, თუმცა საპროტესტო აქციებში მონაწილეობისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ ქუჩაში პროცესის გადატანა საფრთხის შემცველია ქვეყნის მომავლისთვის. მშვიდობის მოყვარე სოფლის მაცხოვრებლებს საპარლამენტო არჩევნებით სურთ ხელისუფლების უმტკივნეულოდ შეცვლა. არჩევნებით, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება და კვლავინდებურად სწორედ ამ დროისთვის გაიხსენებს ამ ადამიანებს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატიც…