“საშინელება ხდება!!!! ფეხებზე მკიდიობას უნდა ჰქონდეს დასასრული და ექნება კიდეც!”

ნელი ვარდიაშვილი

-საშინელება ხდება, აი, ამ საღორიდან (ბოდიშს ვუხდი მეზობლებს) ასმევენ წყალს ხალხს, სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში მცხოვრებ ათამდე ოჯახს – ბავშვებს, მოხუცებს, ახალგაზრდებს, ავადმყოფებს ეს ვითომ ხელისუფლების წარმომადგენლები. ვის არ მივმართე, რა არ გავაკეთე, რომ ასე აღარ ყოფილიყო, გამოესწორებინათ, ვიდეოც გადავიღე და ავტვირთე, რის შემდეგაც, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შემპირდა, რომ პირადად მიხედავდა ამ საქმეს და აი, რა კარგად ,,მიხედა”. ხომ მოგწონთ ,,მიხედილი”?! ასე იციან აქ დაპირებების შესრულება და საქმის ,,ძირფესვიანი მიხედვა”. ასეთ ბინძურ წყალში, ყოველ თვე, იხდის ხალხი ფულს. ანტისანიტარია ამ საშინელების მსუბუქი შეფასებაა.

ჟანგიანი ონკანებით და რკინებით გადაბმული , დაგლეჯილი და ტალახში ამოსვრილი რეზინის ძველი მილები, უბინძურესი და ჟანგიანი სახურავი… ამ ყველაფერს უწოდებენ საცავს. სასაცილოა, მაგრამ მართლა მეტირება. ნუ, ეს უნდა ნახო, რომ მიხვდეთ აქაური ხელისუფლება როგორ არის ხალხზე ორიენტირებული და სოფლის პროგრამებს რა ,,ენთუზიაზმით”, ზედმიწევნით ახორციელებს. ხოდა, რადგან ასეა, რადგან ფეხებზე ჰკიდიათ ყველა და ყველაფერი, რადგან მხოლოდ საკუთარ ხელფასებს ჩასჩიჩინებენ, ჩასტირიან და საპიარო ფოტოები ანაღვლებთ, ახლა როგორც მოვიქცევი, ნუ ეწყინებათ.

მალე თქვენც წაიკითხავთ წერილებს, რომელსაც მივწერ პირადად ბიძინა ივანიშვილს. იქ ყველაფერს უკეთ ვიტყვი! მანამდე კი მივმართავ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, დაინტერესდნენ და ჩამოვიდნენ სიღნაღის რაიონის სოფელ ვაქირში, შეამოწმონ აღნიშნული, სასმელი წყლის სისუფთავე და შესაბამისად იმოქმედონ. ღორობას, უპასუხიმგებლობას და ფეხებზე მკიდიობას უნდა ჰქონდეს დასასრული და ექნება კიდეც! დღეს დავუკავშირდი სიღნაღის მერის მოადგილეს, რომელმაც მითხრა, რომ ამ წყლის სათავე ნაგებობა ორი წლის წინ გარემონტდა. თურმე, ამ საღორიდან ტალახი მილებში არ შედის და არც ჟანგი აბინძურებს.

მოკლედ, ბევრს აღარ ვისაუბრებ, მაგრამ რაიონი, სოფელი რა დღეშიც არის, ამ ფოტოებიდანაც მშვენივრად ჩანს. როგორც მითხრეს, სოფლის წყლებზე თურმე რეგულაციები არ არსებობს. ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს? ანუ, მოლოდ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელთა სინდისს არის მინდობილი, სოფელში მცხოვრები ხალხი სუფთა წყალს დალევს თუ ბინძურს? რა ხდება, სოფელი საქართველოს იურისდიქციაში აღარ შედის? ალბათ საინტერესოა, რას ამბობს ამ ყველაფერზე თავად ხალხი? მინდა გითხრათ, რომ არაფერს- ზოგს ეშინია, ზოგს ერიდება, არ უნდათ, რომ ინტრიგანი უწოდონ. რას ვიზამთ, ასეთია სოფლის ცხოვრება. აი, მე კი, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემს სოფელში ხალხმა სუფთა წყალი რომ დალიოს.