„ქართული ოცნება“ ისევ ქუჩაშია, “ის ოცნება” იშლება…ვურჩევდი ბატონ ბიძინას…“

მმართველ ძალაში არსებულ დაპირისპირებაზე და საერთოდ ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ ფონზე სასაუბროდ მსახიობ ნანა ხურითს დავუკავშირდით.

ნანა ხურითთან არაერთი მწვავე ინტერვიუ ჩაგვიწერია და „ოცნების“ პირველი აქტივისტისგან „ოცნების“ სამართლიანი კრიტიკაც არაერთხელ მოგვისმენია, თუმცა, განაწყენების მიუხედავად ნანა ის პირველი „ძველი გვარდიელი“ იყო, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს მმართველ პარტიას გვერდით დაუდგა.

-საპრეზიდენტო არჩევნების დროს ნანა ხურითი საკმაო აქტიურობით გამოირჩეოდა, ანუ „ძველი გვარდია“ მოწოდების სიმაღლეზე დადგა. არჩევნებმა ჩაიარა, მმართველ გუნდში კი უფრო მეტი ქაოსია, საზოგადოება კი ისევ გაბრაზებულია. თქვენი გადასახედიდან, რა ხდება, იშლება „ოცნება“ თუ როგორც ამბობენ „ახალი“ და „ძველი“ ოცნების ჭიდილია სახეზე?

-იშლება, რა თქმა უნდა…ჩემთვის დიდი ხანია დაშლილია. ქართული ოცნება ჩვენ ვართ! ოცნება ისევ ქუჩაშია,ისინი აღარ ვიცი ვინ არიან. იდეა იყო მთავარი, რომელიც მოკლეს. ჭიდილიც რა თქმა უნდა სახეზეა.

-მახსოვს ითქვა, ჯერ არჩევნები ჩავატაროთ და მერე „ოცნებასაც“ მოვთხოვთ პასუხსო, რა ინფორმაციას ფლობთ, ხომ არ აპირებს „ძველი გვარდია“ ისევ გააქტიურებას?

-მმართველ ძალას პასუხი უნდა მოვთხოვოთ. ჩვენმა ინერტულობამ  მოიყვანა ეს ე.წ.ოცნება აქამდე.ხიბლში ჩავარდა. ეგონათ ,რომ პირველ ტურს მოიგებდნენ,შედეგები ნახეთ.ბევრს არც დაუძახეს,არ შეგაწუხებთო…მე პირადად და ჩემი მეგობრები ,მთავრობას და ხელისუფლებას კი არ დავუდექით გვერდში, უბრალოდ ნაციონალები არ მოვუშვით. ჩემს მეგობრებს დავუდექი გვერდში და არა მთავრობას და ხელისუფლებას. ბევრმა თვითონ მიიწერა ეს გამარჯვება, მხარდამჭერები გვყავსო. ტყუილია. მე პირადად იდეას ვუჭერდი მხარს და არა ამათ. ჩემდა სამწუხაროდ ბევრი რამ არ შეასრულეს. ბევრი რამ! 6 თვეში ყველა საკუთარ თავზე იგრძნობსო და მე-3 წელი მაგარი იქნებაო და ა.შ. ქარხნები ყველა რეგიონში და ფაბრიკები, ამაზე აღარაფერს ვამბობ.ჩემზე უკეთ გახსოვთ დაპირებები.გავიგეთ ჯანდაცვა!კი ბატონო!და არ უნდა გაეკეთებინათ  ჩვენს მიერ დაქირავებულ მათავრობას? 6 წელი რატომ დასჭირდა დედა-ენის სკოლაში დაბრუნებას? და აღარ ჩამოვთვლი.უკვე დამღალეს. კულტურა? რა მდგომარებოაში?

-ოცნების პირველი აქტივისტი ხართ, ყველას ახსოვს რაც გადაიტანეთ 2012 წელს, მერე ისიც გვახსოვს მწვავედ აკრიტიკებდით ისევ თქვენს მოყვანილ მთავრობას, მაგრამ როცა გაუჭირდა მმართველ ძალას, ისევ გვერდით დაუდექით, ახლა, მიმდინარე მოვლენების ფონზე ხომ არ ნანობთ კიდევ ერთ მხარდაჭერას?

-2012 წელი აღნიშნე ,ზოგიერთები ამბობენ,რომ ბრძოლა 2012 წლიდან დაიწყო,ალაბათ ისინი ,ვინ იატაკქვეშეთიდან იბრძოდნენ და არ ჩანდნენ. ეს,ასე არ არის.ჩვენ და შენც დამეთანხმები 2003-2004 წლიდან ქუჩაში ვართ,მათი მოსვლის დღიდან.ხალხი ბრძენია და ვხვდებოდით,რასთან გვქონდა საქმე.2011 წელს ბატონი ბიძინა შემოუერთდა ამ ბრძოლას და როგორც მან აღნიშნა ირმა ინაშვილთან ინტერვიუში,გვიან მიხვდა ,არ იყო ინფორმირებული,არ უყურებდა ტელევიზორს რასთან,ვისთან ჰქონდა საქმე,ჩვენგან განსხვავებით…არ დავუკარგავ და ეს 9 წლიანი ბრძოლა ,რომ გამარჯვებით დასრულდა 2012 წელს ეს უდავოდ მისი დამსახურებაა.არ ჩამოუყვები იმ კეთილ საქმეებს,რაც მან გააკეთა.მადლიერი ვარ და ერთსაც ვიტყვი,რომ გულწრფელი ვიყო,ჩვენში ,ვისაც დიდი არაფერი გვაბადია ნორმალურ ადამიანებს ვგულისხმობ,ქველმოქმედება ნორმად მიმაჩნია და ეს თვისება ჭარბობს მასში,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ შეიძლება,მას ჰქონდეს უფრო სწორი ხედვები,ვიდრე იმ საზოგადოებას,რომელიც დღესაც ჯანსაღად აზროვნებს,მადლიერია და ხვდება,გრძნობს იმ საშიშროებებს,რასაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ვერ ხვდებოდა იმ 9 წლის მანძილზე.მგონი ლოგიკურია,რასაც ვამბობ..

-ნანა, ახალი ძალის გამოჩენის აუცილებლობას თუ ხედავ?

-ახალი ძალა აუცილებლად უნდა გამოჩნდეს.ოღონდ ახალი!

-რას ეტყვით ოცნებას და პარტიის თავმჯდომარეს?

-ვურჩევდი ბატონ ბიძინას იმ დროის მესამედი მაინც დაუთმოს საზოგადოების ხმას, ვიდრე იმ ადამიანებს ,რომლებიც “სწორ და ნამდვილ” ინფორმაციებს აწვდიან. მათთან ხომ აქვს 2 საათიანი შეხვედრები, 1 საათიანი. აი იმ დროის  მეოთხედი დაუთმოს (თუნდაც სოციალურ ქსელს თვეში ერთხელ)საზოგადოებას ,რომელიც როგორც აღმოჩნდა უფრო ადრე მიხვდა და შეაფასა თუ რა ძალასთან გვქონდა საქმე.რომელიც დღემდე არ გასამართლდა. ურიგო არ იქნება.მოსამართლეებზე აღარ გავშლი თემას მოვლენებს არ გავუსწრებ.

ქეთი მიქაძე