ისევ გაზის გაჟონვა და ისევ ტრაგედია – გარდაცვლილია 7 მოქალაქე!

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა. შვიდივე გარდაცვლილი “ლიბერთი ბანკის” მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე უბედური შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა.  მისი თქმით წინასწარი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობელის გამო მოხდა.

„იყო დამონტაჟებული თვითნებურად გამათბობელი, რომლის შედეგადაც ტექნიკური გაუმართაობიდან გამომდინარე მოხდა ეს უბედური შემთხვევა. მინდა ავღნიშნო, რომ  არის დიდი უბედურება და  მინდა მივუსამძიმრო ყველას,“-განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

“ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, ბინაში  წყლის გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

დაწყებულია მოკვლევა. როგორც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გაგა კირკიტაძე აცხადებს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული. მისი განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, შვიდი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გამათბობლის ექსპლუატაციის წესების  დარღვევა გახდა.