ბესელია უმრავლესობას ისევ არ ეთანხმება-ოხანაშვილს მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ანრი ოხანაშვილს ასახელებს.

იხ.

https://www.gmtv.ge/54336-2/

იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია უმრავლესობის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ოხანაშვილს მხარს არ დაუჭერს.

ბესელია აცხადებს, რომ მას ამ თანამდებობაზე ლევან გოგიჩაიშვილის დანიშვნა სურდა.

„არ ვეთანხმები პოზიციას, რაც უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სესიაზე უნდა მიიღონ. ლევან გოგიჩაიშვილის კანდიდატურა ჩემთვის არის იმ ღირებულებების და ფასეულობების დაცვა, რომელსაც ჩვენ ვიცავთ ამ პროცესში. ამიტომ ჩემთვის არამხოლოდ სახელს და გვარს, არამედ სტანდარტების დაცვას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას მე სწორედ ამიტომ არ ვუჭერ მხარს და პირდაპირ ვამბობ – არ დავუჭერ მხარს. ეს არ არის პერსონალური ამბავი, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება განსაკუთრებით სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და აქ იმ პრინციპების დაცვას, რასაც ჩვენ ვიცავთ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.