„მაჟორიტარი კი არ უნდა ცდილობდეს გამონახოს დრო ამომრჩეველთან მისასვლელად, არამედ ეს მისი მოვალეობაა…“

GmTV  იწყებს რუბრიკას “მაჟორიტარი“, სადაც ჩვენს და ხალხის კითხვებს უპასუხებენ თავად მაჟორიტარები, 18 თებერვლიდან ჩვენ თქვენთან ერთად შევხვდებით ყველა უბნის მაჟორიტარს საკრებულოსა თუ პარლამენტში და გვექნება საშუალება ერთად დავუსვათ კითხვები და მივიღოთ პასუხები.

დღეს კი ჩვენი სტუმარია საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი დავით უთმელიძე, რომელიც გამოირჩევა ამომრჩეველთან ხშირი და რაც მთავარია შედეგიანი კომუნიკაციით.

–ბატონო დავით, თქვენ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გაქვთ ამომრჩეველთან. რას ამბობენ თქვენი ამომრჩევლები და თუ აქვთ გამოკვეთილი პრობლემები ან მოთხოვნები?

-ყოველ ოთხშაბათს ჩემს სამაჟორიტარო ბიუროში გვაქვს მოქალაქეების მიღების ოფიციალური დღე, თუმცა ამომრჩეველთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმშიც ხორციელდება, ვხვდები მათ ქუჩაში, სკვერში, მათსავე ეზოებში…პრობლემები რა თქმა უნდა ჯერ კიდევ ბევრია, მაგრამ ვცდილობთ ერთად ვიმსჯელოთ და მოვნახოთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. მოსახლეობის მოთხოვნები ამ ბოლო დროს გაიზარდა მწვანე რეკრეაციულ ზონებთან დაკავშირებით. ყოველ შეხვედრაზე მაცხოვრებლები გვთავაზობენ შეხედულებას თუ როგორ გავამწვანოთ და გავალამაზოთ საცხოვრებელი ტერიტორია.

-თქვენს სამაჟორიტარო ოლქში უკვე რამდენიმე სკვერი კეთილმოეწყო. კმაყოფილია მოსახლეობა?

-ჩვენ საბურთალოს მე-5 ოლქში გამგეობასთან ერთად ბოლო პერიოდის განმავლობაში შევქმენით ძალიან ბევრი დასასვენებელი სივრცე, მწვანე რეკრიაციული ზონები, პარკები და სკვერები. თებერვლის ბოლოს დასრულდება გოძიაშვილის, ე.წ. „წითელი ბაღის“ საბოლოო რეაბილიტაცია და საბურთალოს ცენტრში გვექნება ერთ-ერთი ლამაზი დასასვენებელი პარკი, სადაც იქნება სარბენი და ველო-ბილიკები, სავარჯიშო მოწყობილობები და რაც მთავარია ბევრი ახალი ნარგავი და სუფთა ჰაერი. ყველაზე დიდი სტიმულის მომცემია ამომრჩევლის კმაყოფილება, როცა ამბობენ, რომ მოსწონთ და თავადაც აქტიურობენ, გვერდით გვიდგანან.

-ე.ი. მოსახლეობა აქტიურობს?

-ყველა ამ აქტივობაში ჩართული იყო ადგილობრივი მოსახლეობა არა მხოლოდ წინადადებებით, არამედ ფიზიკურადაც. ვცდილობთ ყოველთვის გავითვალისწინოთ მათი მოთხოვნები, შეხედულებები და აზრები.

-ძნელია როგორც მაჟორიტარმა გამონახოთ დრო და უბრალოდ შეხვდეთ ან გაესაუბროთ ამომრჩეველს?

-მოქალაქეებთან შესახვედრი დროის გამონახვა არ არის ძნელი, რადგან ჩემი საქმიანობა და მოვალეობა დაკავშირებულია საბურთალოს მაცხოვრებლებთან, მათ ინტერესის გათვალისწინებასთან და სანამ ჩემი მაჟორიტარობის ვადა ამოიწურება, ჩემი მიზანია მათი პრობლემები მაქსიმალურად იქნას ამოწურული, იდეები და წინადადებები კი შეძლებისდაგვარად გათვალისწინებული, ასე რომ მაჟორიტარი კი არ უნდა ცდილობდეს გამონახოს დრო თავის ამომრჩეველთან შესახვედრად, არამედ ეს მისი მოვალეობაა და უნდა შეასრულოს.

-მოსახლეობის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები თუ განსხვავდება ასაკის მიხედვით?

-ასაკის მიხედვით მოთხოვნები რა თქმა უნდა განსხვავებულია, ახალგაზრდები საუბრობენ უფრო გლობალურ თემებზე, მთელ თბილისზე, საშუალო ასაკის ადამიანები უფრო ყურადღებას ამახვილებენ საცხოვრებენ გარემოზე, მათ უბანზე და რა თქმა უნდა საკუთარი შეხედულება აქვთ უფრო ასაკიანებს, თუმცა, თუ დგას პრობლემა, რომელიც ეხება ყველას და მათ უბანს, ყველა ერთიანდება.

-ახალგაზრდები თუ  არიან ჩართული „უბნის მოვლის“ პროცესში და საერთოდ, აქტიურობენ?

-ძალიან ბევრი ახალგაზრდა მეგობარი მყავს ჩემს სამაჟორიტაროში, გვაქვს დიდი კომუნიკაცია როგორც პირადად, ასევე ტელეფონით, სოციალური ქსელით და მართლა მიხარია, რომ ახალგაზრდებს აქვთ დიდი სურვილი აქტიურად იყვნენ ჩართულები ყველა იმ აქტივობაში, რაც საბურთალოზე ხორციელდება, რისი ნათელი მაგალითია ზაქარიაძის ქუჩის გალამაზება, მე-60 სკოლის გამწვანება, ნარგავების დარგვა, რაშიც თავად ისინი მონაწილეობენ აქტიურად.

ჭადრაკი რომ ითამაშეთ წითელ ბაღში, მოიგეთ თუ წააგეთ?

-წითელ ბაღში 2 პარტია ჭადრაკი ვითამაშე და ორივე მოვიგე, საკმაოდ ემოციური შეხვედრა იყო, თამაშის დროს ბევრ საკითხზე ვიმსჯელეთ, შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შეხვედრები ძალიან კარგია, გახსნილია, მეც მეხმარება და მოსახლეობასაც.

-კიდევ რა სიახლეები ელით საბურთალოელებს უახლოეს მომავალში?

-2019 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი და კარგი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, იგეგმება დაახლოებით 6 პარკის და სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია. შესრულდება ბევრი საგზაო სამუშაო, მოეწყობა საკანალიზაციო სისტემები, ერთი სიტყვით გვაქვს დიდი ამბიციური გეგმა საბურთალოს განვითარებისთვის, მაგალითად კანდელაკის მთლიანი გზის რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის მთლიანად შეცვლა და ახალი საფარის გადაგება, ასე რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტით გავახარებთ საბურთალოელებს.

-რამდენად ჩვენთვის ცნობილია თქვენ უბნის ბავშვების მეგობარიც ხართ, რა სურთ მათ?

-ეგ ყველაზე სუსტი წერტილია ჩემი (იცინის) ყველაზე მეტად ბავშვებთან სიახლოვით ვგრძნობთ გაკეთებული საქმე რამდენად კარგია და რამდენად მნიშვნელოვანი. მოსწონთ ახალი სკვერები, გასართობო მოედნები, რომ დაგინახავენ საქანელასაც კი გითმობენ, ასე გამოხატავენ კმაყოფილებას…ბავშვები უშუალოები არიან, რაღაც რომ არ მოსწონთ ან გაბრაზებულები არიან პირდაპირ გეტყვიან და ხვდები, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ მისახედია…როგორი დაღლილიც არ უნდა იყოს ადამიანი, პრობლემებით და საფიქრალით დამძიმებული, სკვერებში მომრავლებულ, მოთამაშე ბავშვებს რომ შეხედავ, რარაცნაირად განიტვირტები და ღიმილი გეფინება სახეზე, იმედს და სტიმულს დაძლევენ.

-წარმატებები და იმედია ჩვენი ახალი რუბრიკის სტუმარიც იქნებით და ერთად შევხვდებით ამომრჩეველს.