საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ნაცვლიშვილის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ თანმდევ პროექტებთან ერთად. საკანონმდებლო პაკეტი სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ნაცვლიშვილმა წარმოადგინა.

კანონპროექტით იქმნება ახალი საპენსიო სქემა, რაც გულისხმობს სავალდებულო შენატანებზე დაფუძნებულ თაობათა შორის სოლიდარობის სქემას, რომელიც განსაზღვრული სარგებლის სქემას წარმოადგენს. მასში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის.

კანონპროექტის თანახმად, არსებული საპენსიო შენატანები შემდეგნაირად გადანაწილდება: დამსაქმებელი ხელფასის გაცემისას სქემის მონაწილე თითოეულ დასაქმებულზე, საპენსიო ფონდში რიცხავს დაუბეგრავი ხელფასის ორ პროცენტს, რასაც ემატება სახელმწიფოს ასევე 2%-იანი შენატანი. თაობათა შორის სოლიდარობის პრინციპით (არსებული დასაქმებულები აფინანსებენ ხანდაზმულთა პენსიებს) სოლიდარობის სქემიდან პენსიების გაცემა მოხდება სქემაში ჩართვიდან მომდევნო წელს გასულ პენსიონერებზე, რომლებიც ერთი წელი მაინც იხდიდნენ თაობათა სოლიდარობის სქემაში საპენსიო შენატანს.

შემოთავაზებულ სქემაში პენსიების გაცემა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. ეს იმიტომ, რომ თაობათა სოლიდარობის სვეტიდან მიღებული პენსიის ოდენობა ეფუძნება პენსიონერის სტაჟსა და დამსახურებას და არა უბრალოდ შენატანების აბსოლუტურ ფულად ოდენობას; ამასთან, ყოველწლიურად ფინანსდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მიერ და არა პირის მიერ დაგროვილი თანხების მიხედვით.

შემოთავაზებული კანონპროექტი ითვალისწინებს, ასევე, სპეციალური ჯგუფების სტატუსის შემოღებას იქ,  სადაც პროფესიული დაავადებების რისკი მაღალია. სოციალური პარტნიორები, რომლებიც სამეთვალყურეო საბჭოში არიან, განსაზღვრავენ მძიმე და მავნე პირობებში მომუშავეთა კატეგორიას, რომელთაც მიენიჭებათ სპეციალური ჯგუფის სტატუსი. მათ შეეძლებათ ქვეყანაში საყოველთაოდ დადგენილ საპენსიო ასაკის მიღწევამდე 5 წლით ადრე გავიდნენ პენსიაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.