„კონსესუსი უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ენმ-ს შორის, ყველაფერზე მეტყველებს“

ირაკლი კობახიძე: კანონპროექტის ტექსტი, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ითვალისწინებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას

„პირველი  კონსტიტუციის მიღებიდან 98 წლის თავზე,  საქართველოს პარლამენტში  პრეტენზია უნდა გვქონდეს პირველ რიგში, ერუდიციაზე,კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე და შესაბამისად, ამ პირობებში ამ კანონპროექტის მხარდაჭერა აბსოლუტურად დაუშვებელია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის წევრების: ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის, ალექსანდრე ერქვანიას, ზვიად კვაჭანტირაძის, კობა ნარჩემაშვილის, ლევან კობერიძის, დავით ჭიჭინაძის და ოთარ ჩრდილელის ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც  მოსამართლეთა უვადოდ გამწესების 2024 წლის 31 დეკემბრამდე შეჩერებას ითვალისწინებს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქვეყნის უმთავრეს კანონს ტექსტობრივად, უხეშად ეწინააღმდეგება. მისივე თქმით, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ამ საკითხის პოლიტიკური და სამართლებრივი ასპექტები.

„უმრავლესობას აქვს ჩამოყალიბებული თავისი პოზიცია პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ითქვა, რომ უმრავლესობა მზადაა, განიხილოს ეს საკითხი, იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში. მეტსაც გეტყვით, ქალბატონმა ეკამ  გაიხსენა ეს: შარშან, როცა ჩვენ გვქონდა მსჯელობა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, ჩვენმა ერთერთმა უცხოელმა კოლეგამ დააყენა მაშინაც ეს საკითხი და იქ მე პირადად გამოვხატე ჩემი დადებითი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიცია არის ცხადი, ეს პოზიცია დაფიქსირდა კიდევ ერთხელ, პოლიტსაბჭოს განცხადებაში“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საკითხის სამართლებრივ მხარეზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პირველ რიგში, მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ინიციატივის შესაბამისობა საქართველოს კონსტიტუციასთან.

პარლამენტის თავმჯდომარემ ტექნიკური მხარეც განმარტა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში მოცემული მეორე მუხლის მესამე პუნქტი შეთანხმებული იყო ვენეციის კომისიასთან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუცია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად არის შემუშავებული და გაზიარებულ არ იქნა ვენეციის კომისიის მხოლოდ ორი რეკომენდაცია. მისივე თქმით, კონსტიტუცია სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს ეყრდნობა და შესაბამისად, მისი გადასინჯვა მიზანშეუწონელია.

მისი თქმით, აღნიშნულზე უნდა იმსჯელოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა. მისი განმარტებით, როდესაც არის ტექსტობრივი წინააღმდეგობა კონსტიტუციასა და კანონს შორის, პასუხისმგებლობას პირველ რიგში, იღებს პარლამენტი და მისი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობის რამდენიმე წევრს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „კონსესუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, აბსოლუტურად ყველაფერზე მეტყველებს“.