ტალიაშვილმა ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ბიუროს თბილისის გარემოს დაცვითი რეფორმა გააცნო

ჰელსინკში, ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ვიცე-პრეზიდენტი, თამარ ტალიაშვილმა გარემოსდაცვით საკითხებზე ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა დეცენტრალიზაციის რეფორმასა და გაეროს მდგრადი განვითარების გარემოს დაცვითი მიზნების მიღწევაში ადგილობრივი ხელისუფლების როლს

თამარ ტალიაშვილმა ურბანულ სივრცეში ეკოლოგიური გამოწვევების ეფექტიანი მართვის საშუალებად ,,ღია მმართველობის’’ ფორმატი დაასახელა. ქართველმა დეპუტატმა თბილისის მაგალითზე კონგრესის ბიუროს წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო მოქალაქეთა აქტიური ჩართულობითა და ეფექტიანი კომუნიკაციით გარემოს დაცვითი რეფორმის გატარების პრაქტიკა.

თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მის მიერ თბილისის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას დიდი ინტერესი მოჰყვა და სტრასბურგში დაგეგმილი სხდომის ფარგლებში საკითხის განხილვის წინადადება მიიღო. ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ბიუროს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს შორის იყო ევროსაბჭოს სამომავალი პერსპექტივებში კონგრესის წვლილზე რეზოლუციის პროექტი.

ასევე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიურო იმსჯელებს სადამკვირვებლო მისიაზე თურქეთსა და ალბანეთში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით. ევროსაჭოს კონგრესის ბიუროს სხდომაზე მოხსენებით წარსდგნენ ფინეთის ადგილობრივი თვითმმართველობების მინისტრი და ფინანსთა საკითხების სახელმწიფო მდივანი, ასვე სხვა მოწვეული სტუმრები.