„ჩვენ აქ ვართ“ (ვიდეო)

2 აპრილს გამოფენა „ჩვენ აქ ვართ“ გაიხსნა, რომლის ორგანიზატორაი აუტიზმის კვლევის ხელშეწყობის ფონდი-საქართველოს აუტიზმის ასოციაცია. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც თანამედროვე მხატვრების- გია გუგუშვილის, კარლო კაჭარავას, თეკლა მელაძის, ქეთი მატაბელის, ნინო ბაჯელიძის, მამუკა ცეცხლაძის, ალექსანდრე ჯოჯუას,   ასევე ასოციაციის წევრი ბავშვების –  ანა თავხელიძის, ვაკო ალფენიძის, გიგი სიჭინავას, უტა იოანე ჭელიძის ნამუშევრები.

გამოფენაზე სოფიო კერესელიძეს გავესაუბრეთ, რომელიც წარმოადგენს აუტიზმის კვლევის ხელშეწყობის ფონდი-საქართველოს აუტიზმის ასოციაციას, აგრეთვე არის  ილიას სახელმწიო უნივერსიტეტის  ბავშვთა განვითარების ინსტიტუტის აუტიზმის ცენტრის ხელმძღვანელი.

-აუტიზმის საერთაშორისო დღე პირველად 2011 წელს აღინიშნა და მას მერე ყოველწლიურად იმართება მრავალი ღონისძიება.  წელს 2 აპრილს საფუძველი ჩაეყარა აუტიზმის ცენტრის მშენებლობას.

2017 წელს მერიამ გადმოგვცა 2 ჰექტარი მიწა და ყველა აქ წარმოდგენილი მხატვარი, ჩვენი წევრები ყველანი სოლიდარულები არიან ამ ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავეხმაროთ 15 წლამდე ასაკის ბავშვებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ცენტრის დასრულების შემდეგ დიაპაზონი გაიზრდება.

პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგამოფენო დარბაზის ხელმძღვანელს, ანა ოქიტაშვილს, რომელმაც მოგვცა შესაძლებლობა წელს აქ გაგვეხსნა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ როგორც მხატვრები, ისე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები. მადლობა ნინო ბაჯელიძეს, რომელიც თანაორგანიზატორია და მადლობა ყველა იმ მხატვარს, რომლებიც გვერდით დაგვიდგნენ.

აქ არის ბავშვების ნამუშევრებიც. გამოფენა მუსიკალურად გააფორმა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სიმებიანმა ორკესტრმა „სიმი“, რომლის ხელმძღვანელი, ქალბატონი ვენერა მუდამ გვერდით გვიდგას.

გამოფენაზე დიდი მოწონება ხვდა წილად ნინო ჭიუკაძის ქვებით შესრულებულ ნამუშევრებს. გვედრით დაგვიდგა „მინიატურა“, ქეთი ლაზარაშვილმა წარმოადგინა მინიატურული ნიმუშები.

იმედი მაქვს, რომ დაინტერესდებიან ბიზნესმენებიც და გაიყიდება ნახატები, თუმცა ყველაფერს სჭირდება სათანადო კამპანია. 2 აპრილის შეხვედრაზე, რესპუბლიკის მოედანზე, აუტზმის ეროვნული ცენტრის მშენებლობის გახსნას ესწრებოდნენ- პრემიერი, ქალაქის მერი, გახლდნენ ელჩები…რაგბის ფედერაცია გამოყოფილ მიწაზე გვიშენებს ერთ ჯოტეჟს, საფრანგეთის საელჩომ გამოთქვა სურვილი კოტეჯის აშენების და კომპანია „ენსი“ გვიშენებს თუ არ ვცდები კიდევ ერთ კოტეჟს.

გვაქვს ვალდებულება მშენებლობა დავასრულოთ 10 წლის განმავლობაშ. ეს იქნება სრულიად განსხვავებული ცენტრი, რომლის მსგავსი რეგიონში არ არსებობს.

გვინდა ვაწარმოოთ სარეკლამო კამპანია. „ბარამბო“ დაგვიდგა გვერდით და სპეციალური შეფუთვით გამოუშვა შოკოლადი, რომელიც ღირს 1 ლარი, იყიდება „სპარში“, ასევე „კარფურში“ და გაყიდული პროდუქციის თანხა მოხმარდება ამ ცენტრის მშენებლობას. სიმბოლური 1 ლარით ყველას აქვს შესაძლებლობა  მიიღოს  მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან საქმეში.