„არ ჩავატარებინებთ არჩევნებს“ – ხმაურია ზუგდიდში

ბესიკ დგებუაძე, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ მომხდარი დაპირისპირების საქმეზეა დაკავებული. გარჩევისა და სროლის დროს თავად დგებუაძეც დაიჭრა.

მისი ახლობლების თქმით, სამართალდამცველებმა დგებუაძე დააკავეს, ხოლო ის პირი, ვინც მას ესროლა, მიიმალა.

ამ წუთებში კი ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობასთან ხმაურია, სადაც დაკავებული ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრები და ადგილობრივი მოსახლეობა აქციას მართავს. აქციის მონაწილეებს, რამდენიმე წუთის განმავლობაში, გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ გზა გაახსნევინეს. პოლიციას ამ წუთებში გზის პირას კორდონი აქვს გაკეთებული.

ზუგდიდის სამხარეო პოლიციასთან, ბესიკ დგებუაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, მოქალაქეები სოფელ შამგონადანაც შეუერთდნენ.

ბესიკ დგებუაძე, რომელიც სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს, ოჯახის წევრების განცხადებით უკანონო პატიმარია და მის სასწრაფოდ გათავისუფლებას ითხოვენ.