“იმედია წინა ხელისუფალთაგან განსხვავებით მეტი კომუნიკაცია ექნება ხალხთან”

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ვახტანგ ყოლბაიას შემცვლელად რუსლან აბაშიძის კანდიდატურას პრეზიდიუმმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

რუსლან აბაშიძის განცხადებით, უახლოეს დღეებში იგი სამოქმედო გეგმას წარადგენს და საკუთარი კაბინეტის დაკომპლექტებას შეუდგება

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნას “დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია ეხმიანება და რუსლან აბაშიძეს წარმატებებს უსურვებს.

-” აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს მოვალეობის შემსრულებლად აფხაზეთის უ/ს მიერ არჩეულ რუსლან აბაშიძეს წარმატებებს ვუსურვებ. იმედია წინა ხელისუფალთაგან განსხვავებით მას მეტი კომუნიკაცია ექნება საკუთარ ხალხთან.
ხალხის აზრი კი ასეთია:
– დევნილებს სურთ ჰყავდეთ მათ მიერ არჩეული მთავრობა. თუკი ტერიტორიის გარეშე შესაძლებელია მმართველობის განხორციელება, ანალოგიურად შესაძლებელია არჩევნების ჩატარებაც. ხალხი ელოდება კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.
– შეგახსენებთ, რომ ბოლოს აფხაზეთის სტრუქტურების არჩევნები შორეულ 1991 წელს ჩატარდა“-აცხადებს ფანცულაია.

აქვე შეგახსენებთ, რომ კონსულტაციების პარალელურად, საბჭოს შენობასთან შეკრებილები იყვნენ ვეტერანები. ისინი საკუთარი კანდიდატურის მხარდაჭერას ითხოვდნენ.

აბაშიძე ადასტურებს საქართველოს პრეზიდენტთან  მეგობრობას, თუმცა ამბობს, რომ თანამდებობაზე მის დანიშვნას და პრეზიდენტთან მეგობრობას კავშირი არ აქვს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ახლად დანიშნულმა თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილს, საპრეზიდენტო კამპანიის დროს 65 ათასი ლარი გადაურიცხა.