“რაც მეტი ძალაუფლება აქვს ხელისუფლებას, მით უფრო ირყვნება”

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევებს თბილისის ყოფილი მერი დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ივანიშვილის მიმართ საზოგადოებას ძალიან ბევრი ნეგატივი დაუგროვდა და უარყოფითი რეიტინგიც იმიტომ დაიდო.
“არაფორმალური საქმიანობა სძაგს ქართველ ხალხს. ეს ადამიანი მხოლოდ არჩევნების წინ ჩნდება და შემდეგ ისევ იკარგება. ამიტომ ხალხისთვის ივანიშვილი “გადამგდებია” და თაღლითად მიაჩნიათ.
რაც შეეხება კახი კალაძეს და სერგეენკოს, რომლებიც რეიტინგის მიხედვით დადებითად შეაფასა მოსახლეობამ, ისინი ასე თუ ისე ჩანს, რომ საქმეს აკეთებენ. თუმცა საყოველთაო ჯანდაცვა თავიდან კარგად დაიწყო და სამწუხაროდ შავ ხვრელად იქცა ბიუჯეტისთვის” – აღნიშნავს უგულავა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენად მოახერხებს მათი პარტიის კანდიდატი მთაწმინდაზე მეორე ტურში ოცნების დამარცხებას, ყოფილი მერი დარწმუნებულია, რომ შალვა შავგულიძე გაიმარჯვებს.
“მის გამარჯვებას ძალიან კარგი შედეგი ექნება. შევედით პოლიტიკური ცხოვრების იმ ფაზაში, სადაც ქართული ოცნება განწირულია, ამას გვეუბნება ქუჩაში გამოკითხვები, ამას გვეუბნება კვლევა და დღეს არსებული ვითარება. არსებობს ასეთი გამოთქმა, რაც უფრო მეტი ძალაუფლება აქვს ხელისუფლებას მით უფრო ირყვნება. ეს იყო ყველაზე უსამართლო და უსინდისო არჩევნები ვარდების რევოლუციის შემდეგ. შავგულიძე არის კანდიდატი, რომელმაც შეძლო ის რაც მე და ბევრმა ოპოზიციის კანდიდატმა ვერ შევძელით.
ეს არჩევნები არის “ქართული ოცნების” დამარცხების საწყისი. ისინი ვეღარ შეძლებენ მურუსიძისთვის სასამართლო სისტემის გადაბარებას.” – განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა.