კანონი სექსუალურ შევიწროებაზე და ქალების ეკონომიკური გაძლიერება

გენდერული თანასწორობის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე საკითხი განიხილა, მათ შორის იყო: პარლამენტის მიერ სექსუალური შევიწროების შესახებ მიღებული კანონმდებლობა, ანაზღაურების სხვაობის (Pay Gap) თემატიკა, „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხები.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ სულ ცოტა ხნის წინ მიღებულ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობაზე გენდერული თანასწორობის საბჭომ საკმაოდ ბევრი იმუშავა.

„მინდა გენდერული თანასწორობის საბჭოს მივულოცო ამ გადაწყვეტილების მიღება. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. ამ კანონმდებლობის იმპლემენტაცია დამოკიდებულია საქართველოს სახალხო დამცველსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროზე. კანონი ძალიან გამართულია და ახლა მთავრია როგორ მოხდება მისი აღსრულება. ამ კანონმდებლობის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული ადამიანებისთვის, კონკრეტული ქალებისთვის, ახალგაზრდა გოგონებისთვის და მისი მიღება აუცილებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სკეპტიკოსი არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი, რომელმაც სექსუალური შევიწროების შესახებ მიღებული კანონმდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დიდი მიღწევაა, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი სექსუალური შევიწროების შესახებ და თქვენ, ქალბატონო თამარ, ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ გენდერული თანასწორობის დამკვიდრების საქმეში“, – განაცხადა ლუიზა ვინტონმა.

სექსუალური შევიწროების შესახებ მიღებული კანონმდებლობის განხილვის პროცედურებზე, მიზნებსა და მნიშვნელობაზე კანონპროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, დიმიტრი ცქიტიშვილმაისაუბრა.
„ეს კანონი მხარდაჭერილი იყო ყველა პარტიების მიერ, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოში არსებული ატმოსფეროს დამსახურებაა. მიუხედავად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსი შესაძლებელი გახდა, რომ ამ კონკრეტულ საკითხზე გვქონოდა სრული კონსენსუსი. ყველა კომიტეტზე და სესიაზე, ყველა პოლიტიკური პარტიისგან ჩვენ გვქონდა მხარდაჭერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ეს ძლიერ ლეგიტიმაციას აძლევს ამ კანონს“, – აღნიშნა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ სექსუალური შევიწროების შესახებ კანონმდებლობის აღსრულებისთვის დაგეგმილ ღონისძიებებზე და მოსალოდნელ რისკებზე ისაუბრა.

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ სხდომის მონაწილეებს სამინისტროს პოზიცია გააცნო.

ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე მსჯელობისას, გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომის მონაწილეებმა ზრუნვის ეკონომიკის თაობაზე რეკომენდაციები მოისმინეს, რომელიც ზრუნვის ეკონომიკის (The Care Economy) კონცეფციის ავტორმა, იპეკ ილქარაჩანიმწარმოადგინა.
გენდერული თანასწორობის საბჭომ დღევანდელ სხდომაზე პარლამენტში თემატური მოკვლევის მიმდინარეობასა და წინასწარ შედეგებზე იმსჯელა.

საბჭოს წევრებმა მოუსმინეს თემატური მოკვლევის ჯგუფის – „სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა“ წევრს ირინე ფრუიძეს და თემატური მოკვლევის ჯგუფის „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მომხსენებელს, გუგული მაღრაძეს.

სხდომაზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა, სოფო კილაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ. მომხსენებელმა წარმოდგენილი ცვლილებების შემუშავების მიზეზებზე და მიზნებზე დეტალურად ისაუბრა.

ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით, გენდერული თანასწორობის საბჭომ დღეს კიდევ ერთ საკითხზე – ანაზღაურების სხვაობაზე (Pay Gap) იმსჯელა. კერძოდ, ორგანიზაცია „საფარის“ წარმომადგენელმა სხდომის მონაწილეებს ანაზღაურებებს შორის გენდერული უთანასწორობის საკითხთან დაკავშირებით კვლევის შედეგები გააცნო.

სხდომას გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან ერთად საკონსულტაციო საბჭოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ტექნიკურ მხარდაჭერით ჩატარდა.