„სიფრთხილე გამოიჩინეთ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში!“

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ენგურის ხიდზე აფხაზეთის რაიონების კოორდინატორები წარადგინა.

“აფხაზეთი ჩვენი იქნება. იარები უნდა მოვაშუშოთ და გავერთიანდეთ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ აფხაზეთის დაბრუნებისათვის. ყველა აფხაზეთიდანაა. მათი გული ანთებულია სურვილით, რომ მალე გაერთიანდეს სამშობლო. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიწყებ ჩვენი აფხაზეთის დაბრუნებას”– განაცხადა  ნათელაშვილმა და აფხაზეთის რეგიონებსა და ქალაქებში პარტიის კოორდინატორები დაასახელა.

ნათელაშვილის ამ განცხადებას სახალხო მოძრაობის „გზა აფხაზეთისკენ“ დამფუძნებელი ოთარ ფანცულაია გამოეხმაურა და ყველა პატრიას აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდა.

-„ბატონმა შალვამ აფხაზეთის ქალაქებსა და რაიონებში კოორდინატორები დანიშნა, ამასთანავე განაცხადა, რომ დღეიდან ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყებენ აფხაზეთში დაბრუნებას. როგორ აპირებენ ღრმად პატივცემული ლეიბორისტები დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, ჩვენ არ ვიცით, ვინაიდან არავითარი გეგმა ან ხედვა მათ არ წარმოუდგენიათ. ჩვენის აზრით ასეთი გეგმა მთელი ქართული პოლიტიკური სპექტრის შეთანხმების საგანი უნდა გახდეს, ხოლო საერთო შეთანხმებამდე მისი ცალკეული დეტალების აფიშირებას არ მივიჩნევთ მიზანშეწონილად.

არ მაქვს უფლება ცალკეულ პარტიებს მივუთითო თუ როგორ წარმართონ თავიანთი საარჩევნო კამპანია, მაგრამ როგორც აფხაზეთიდან დევნილი საზოგადოების წევრი და სახალხო მოძრაობა “გზა აფხაზეთისკენ” დამფუძნებელი, მოვუწოდებ პოლიტიკოსებს, მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებში და მოერიდონ წინასაარჩევნოდ ისეთი პიარ-განცხადებების გაკეთებას, რაც შემდგომში გაართულებს სამშვიდობო პროცესს აფხაზეთის მიმართულებით“.

კომენტარის დატოვება