ჩხუბი პარლამენტის სხდომაზე

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოპოზიცია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერისგან, თამარ ჩუგოშვილისგან ითხოვდა, დღის წესრიგში შეეტანათ აქციის მონაწილეების მოთხოვნების განხილვა, მათ შორის გიორგი გახარიას გადადგომის საკითხი.

სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებების შემდეგ დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური დაიწყო, რის შემდეგაც თამარ ჩუგოშვილმა ტექნიკური შესვენება გამოცხადა.

ვითარება გამწვავდა ნიკა მელისა და შოთა ხაბარელს შორის. მათ მიკროფონები მოგლიჯეს. ფიზიკურ დაპირისპირებას ამ ეტაპზე ადგილი არ ჰქონია, რადგან დეპუტატები ერთმანეთს აშველებდნენ. ამის შემდეგ ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა.