“გვარამიას მიმართ მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა არასერიოზულია”

თამთა მეგრელიშვილი

იურისტი საჯარო მმართველობის დოქტორი

-2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების გზით გადამალვის ფაქტზე.

საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეს დაერთო ,,რუსთავის 2″-ის ამჟამინდელი დირექტორის პაატა სალიას განცხადება, შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რამაც სავარაუდოდ დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა სამაუწყებლო კომპანიას.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებულ იქნა შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

გამოტანილ იქნა დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც საწარმოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.

მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საწარმოს ხელმძღვანელი კომპანიის საქმეებს უნდა გაუძღვეს კეთილსინდისიერად და უნდა მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია კომპანიისთვის.

აღნიშნული დანაწესი ვრცელდება და გავრცელდებოდა ყველაზე, ვინც, დირექტორისა თუ გენერალური დირექტორის პოსტს დაიკავებდა, იქნებოდა ეს ნიკა გვარამია თუ სხვა.

ამ შემთხვევაში 2012 წლის ნოემბრიდან სწორედ ნიკა გვარამია იკავებდა შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის დირექტორის, ხოლო 2014 წლის სექტემბრიდან – ამავე კომპანიის გენერალურ დირექტორის პოსტს და
საწარმოს წესდების თანახმად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ს მესამე პირებთან ურთიერთობაში სწორედ ის წარმოადგენდა როგორც გენერალური დირექტორი, რომელიც ვალდებული იყო კეთილსინდისიერად და კომპანიის ინტერესების დაცვით უზრუნველყო კომპანიის ყოველდღიური მართვა და საქმიანობა, ემოქმედა კომპანიის და პარტნიორების ბიზნეს ინტერესებით, უზრუნველყო წესდების უპირობო და კეთილსინდისიერი შესრულება.

2015 წლის 16 იანვარს შ.პ.ს, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის სახელით ნიკა გვარამიამ ხელშეკრულება გააფორმა შ.პ.ს „ინტერ მედია პლიუსთან“, რომლის მფლობელებიც არიან მისი მეგობრები – ზ.გ. და კ.ჯ., ხოლო დირექტორი, ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ყოფილი ფინანსური დირექტორი – ზ.ი.
ხელშეკრულების თანახმად, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა „ინტერ მედია პლიუსს“ დაუთმო საკუთარი არხების (,,რუსთავი 2“-ის, ,,ახალი არხის“ (იგივე ,,კომედი არხის“) და ,,მარაოს“) ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების უფლება.

მხარეთა შეთანხმებით, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობისათვის ანაზღაურება, ყოველთვიურად, ,,ინტერ მედია პლიუსის“ მიერ ფაქტობრივად მოხმარებული კომერციული სარეკლამო დროის ოდენობის მიუხედავად, წინასწარ შეთანხმებული ოდენობით უნდა განხორციელებულიყო.

ნიკა გვარამიამ ამ ხელშეკრულებით შ.პ.ს. ,,ინტერ მედია პლიუსისათვის“ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში, კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის შემდეგ არ მოითხოვა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების დაცვა (თანხის აკუმულირება კონკრეტული კომპანიის ანგარიშზე არ ხდებოდა)რომლითაც ტელეკომპანიას კუთვნილი 6 763 510 ლარი უნდა მიეღო.

2015 წლის საანგარიშო პერიოდში შ.პ.ს. ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მიერ მიღებულმა დეკლარირებულმა ზარალმა 7 377 230 ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში, შ.პ.ს “ინტერ მედია პლიუსის” დეკლარირებულმა მოგებამ კი – 8 690 664 ლარი შეადგინა.

აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს “რუსთავი 2″-ზე რეკლამის განსათავსებლად „ინტერ მედია პლიუსის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით.

იკვეთება რომ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით, (შ.პ.ს ,,ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა რუსთავი 2-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) რომელმაც საკუთრებაში მიიღო, ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში, ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა რუსთავის 2-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად.

საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და სახელმწიფოში თანასწორობის კონსტიტუციური პრინციპიდან გამომდინარე ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად
რასისა ,კანის ფერისა ,ენისა ,სქესისა ,რელიგიისა , პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა ,ეროვნული ,
ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა ,წარმოშობისა ,ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა ,საცხოვრებელი ადგილისა. კონსტიტუციური პრინციპების დაცვა და შესრულება ყოველი ჩვენგანის ვალია, კონკრეტული პიროვნებისაგან დამოუკიდებლად (გვარამია იქნება თუ რომელიმე სხვა)
თანასწორობის არსი „კანონის წინაშე ადამიანთა თანასწორობა”,არ იცვლება და არც შეიძლება შეიცვალოს.

არსებული უფლებების ფარგლებში თავად ვირჩევთ მოქმედების ხასიათს- ვიმოქმედოთ კანონის ფარგლებში თუ ვიმოქმედოთ კანონის გვერდის ავლით.

უნდა გვახსოვდეს რომ კანონი ყველასათვის ერთნაირი დავალებაა, ერთნაირი უფლებაა, აქედან გამომდინარე რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორს მიმართ მიმდინარე პროცესების პოლიტიკურ ჭრილში განხილვა ვფიქრობ არასერიოზულია.

შეგახსენებთ:

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა, ნაწილობრივ, დააკმაყოფილა. მოსამართლემ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება, თითქმის, 5 საათიანი განხილვის შემდეგ მიიღო. გირაოს გადასახდელად გვარამიას ერთთვიანი ვადა აქვს, თუმცა “რუსთავი 2-ის” ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გირაოს არ გადაიხდის.

მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას ქვეყნის დატოვება პროკურატურის თანხმობის გარეშე აეკრძალა.