მიქანაძე – შეხვედრა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმართება, არის უპრეცედენტო

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პარლამენტის ხელმძღვანელის, გივი მიქანაძის ინიტიატივით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების აპარატის უფროსების სამუშაო შეხვედრა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანის, საქართველოს, რუმინეთის, უკრაინის, თურქეთის და ბულგარეთის პარლამენტების ადმინისტრაციების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა.

„ორდღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელიც საქართველოს პარლამენტში იმართება, არის უპრეცედენტო. პირველად ხდება, როდესაც შავი ზღვის აუზის, ნატოს წევრი და წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების აპარატის ხელმძღვანელები იკრიბებიან და იწყებენ მსჯელობას იმ საერთო გამოწვევების, შესაძლებლობების განხორციელების თვალსაზრისით, რამაც ხელი უნდა შეუწყოს სამომავლო რეგიონულ თანამშრომლობას. ამ ღონისძიებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სამდივნოს ქოლგის ქვეშ და მათთან პარტნიორული ურთიერთობით ტარდება“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, გივი მიქანაძემ.

მან მადლობა გადაუხადა ნატოს საპარლამენტო ასამბლეას, მის გენერალურ მდივანს ისევე, როგორც თითოეული ქვეყნის დელეგაციას იმისთვის, რომ  მიმდინარე წლის თებერვალში, ქართული მხარის მიერ გაჟღერებული ინიციატივა  მხარდაჭერილი იქნა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ეს არის საწყისი ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული თანამშრომლობისა.

„ვიმედოვნებ, რომ ეს ორი დღე იქნება არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის არამედ, იმ საერთო მიზნების დანახვის შესაძლებლობის მომცემი, რაზეც კონკრეტულ ნაბიჯებს დავგეგმავთ და უახლოეს მომავალში დავიწყებთ ერთობლივი ძალისხმევით განხორციელებას“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, დეივიდ ჰობსის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ თებერვალში გაჟღერებული იდეა თავიდანვე იმედისმომცემი იყო და ამ იდეის რეალიზებისათვის, უდიდესი ენთუზიაზმი და ენერგია იქნა მიმართული.

„დემოკრატიის გზაზე დამდგარ ქვეყნებს სჭირდებათ დემოკრატიული პრაქტიკის და შესაბამისი ინსტიტუციების გაღრმავება. ჩვენ დავიწყეთ პარლამენტის წევრებთან მუშაობა და  თავიდანვე, სრულიად ნათელი იყო, რომ ვერ მივაღწევდით წარმატებას თუ კი არ ვიმუშავებდით ადმინისტრაციებთან და პარლამენტის სტრუქტურებთან. პარლამენტის აპარატის ფუნქციონირება, ეს არის საუკეთესო გზა მთელს მსოფლიოში. თუ ამას სათანადო ყურადღებას არ მივაქცევთ, მაშინ ვერ მივაღწევთ წარმატებას. დიდი იმედი მაქვს რომ დისკუსიები, რომელიც ამ ორი დღის განმავლობაში გაიმართება კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს ჩვენს მიზნებსა და ამოცანებს. მე ვარ უკიდურესად ოპტიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა  ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა.

სამუშაო შეხვედრისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და პარლამენტების თანამშრომლობის ხელშეწყობის პროცესში ადმინისტრაციის როლზე იმსჯელეს.

„სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტებს, როგორც ნატოს წევრ ასევე, ასპირანტ ქვეყნებს წვლილი შეაქვს საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერებასა და განვითარებაში მთელს ევროატლანტიკურ სივრცეში ისევე, როგორც მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით კი, შავი ზღვის რეგიონში. მნიშვნელოვანია გავაძლიეროთ ურთიერთობა შესაბამისი ქვეყნების პარლამენტებსა და მის აპარატებს შორის, რათა გაძლიერდეს შავი ზღვის და ნატოს ასპირანტი ქვეყნების პარლამენტების ადმინისტრაცია, მათი კავშირები ნატოსთან. ამისათვის საჭიროა განსაზღვროთ ზოგადი და საერთო ღირებულებები, რომელიც ჩვენს ქვეყნებს გააჩნიათ და მოვაქციოთ ეს ყველაფერი ნატო-ს საპარლამენტო ქოლგის ქვეშ“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

შეხვედრის მონაწილეები ხვალ რეგიონალურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.